შვილის მკვლელობაში ბრალდებული მოზარდის საქმეზე დამატებითი მოკვლევა დაიწყო.რატომ არ მოხდა დროული რეაგირება არასრულწლოვანის მშობიარობის ფაქტზე

კასპის რაიონის სოფელ აღაიანში მომხდარმა შემზარავმა ამბავმა არაერთი კითხვა გააჩინა. 16 წლის გოგონამ 7 თვის შვილი გაგუდა და მიიმალა. გარდაცვლილი ჩვილი მამამ საწოლში იპოვნა. როგორც ოჯახის ახლობლები ამბობენ, გოგონამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ტანსაცმელი გამოიცვალა, ოქროს ნივთები წაიღო და წავიდა. ოჯახის ახლობლების თქმით მან მკვლელობის შემდეგ თბილისში ვიღაც ბიჭს ჩააკითხა. გოგონა პოლიციამ რამდენიმე საათში დააკავა. წარმოშობით ქუთაისელი 16 წლის მ.შ.–ს ქმარი ოცი წლის არის. შსს–ს ინფორმაციით დაკავებული დანაშაულს აღიარებს.

ოჯახი თვლის რომ გოგო უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.შინაგან საქმეთა სამინისტრომ არასრულწლოვანი დედის მიერ 7 თვის ჩვილის მკვლელობის საქმესთან შემხებლობაში პირები უკვე გამოკითხა.მათ შორის გამოიკითხა 21 წლის რ.ჩ., რომელთანაც 16 წლის გოგონას, სავარაუდოდ, სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.

მომხდარის გამო საზოგადოების აღშფოთების პარალელურად გაჩნდა კითხვა, რატომ არავის ჰქონდა აქამდე რეაქცია როცა არასრულწლოვანი გოგონა დედა გახდა. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობა დასჯადია. გოგონას და ბავშვის ასაკიდან გამომდინარე კი სავარაუდოდ მისი სექსუალური ცხოვრება 14 წლის ასაკში დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტრო აღიარებს, რომ ამ ფაქტზე თავის დროზე არასაკმარისი რეაგირება მოხდა და ამის გამო შიდა მოკვლევა დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით,
2017 წლის სექტემბერში შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა შეტყობინება არასრულწლოვანი მ. შ.-ს სახლიდან წასვლის შესახებ. პოლიციამ დაადგინა არასრულწლოვნის ადგილსამყოფელი და გამოკითხა იგი. არასრულწლოვანმა გამოკითხვისას არ დაადასტურა მის მიმართ რაიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი.
ასევე, 2018 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მ. შ.-ს ბავშვის დაბადების რეგისტრაციის შესახებ აცნობა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დაწყებულია მოკვლევა, რამდენად სწორად შეაფასა პოლიციამ 2017 წელს მოპოვებული ინფორმაცია და 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსაგან შემოსული შეტყობინება.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ ფაქტზე არასათანადო რეაგირებისათვის უფლებამოსილება შეუწყდა 1 თანამშრომელს.
გენერალური ინსპექციის მიერ დადგინდება ქონდა თუ არა ადგილი პოლიციის სხვა მუშაკების მხრიდან რაიმე სახის გადაცდომას ან სამსახურეობრივ გულგრილობას. დადებით შემთხვევაში დადგება შესაბამის პირთა პასუხისმგებლობის საკითხიც.“–ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.