“სირცხვილიას” ორგანიზატორები მაკო გომურის საშვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტებას აკეთებენ. მათი განცხადებით, მაკო გომურის სახელზე საშვი მოთხოვნილი ჰქონდათ, თუმცა იმის გამო, რომ წინა რამდენიმე დღე მათ უარს ეუბნებოდნენ საშვის დაშვებაზე, არც დღეს ჰქონდათ შეშვების გარანტია. ამის გამო მაკო გომური პარლამენტთან არ იმყოფებოდა და გეგმის მიხედვით ქალაქგარეთ გაემგზავრა.
“მოკლედ, 4 დღეა სისტემამ გაჭედაო, ამბობენ და არ გვიშვებენ პარლამენტში. ბუნებრივია, გუშინაც ვიცოდით, რომ არ შეგვიშვებდნენ. საშვები ავტომატურად ავიღეთ ყველას სახელზე #სირცხვილიას მოძრაობიდან, იმ იმედით, რომ ვიღაც შეაღწევდა. ფორმალურად, საშვები აღებულია, მაგრამ ყველანი არ ვართ პარლამენტთან. მაგალითად, მეც არ ვარ ახლა პარლამენტთან და ჩემზეცაა საშვი. მოლოდინი, რაღა თქმა უნდა, გამართლდა – ვინც არიან, იმათ არ უშვებენ.
გუშინ გვიან ღამის პირველი საათისკენ გავიგეთ, რომ მაკო მიდიოდა ქალაქიდან, როცა საშვების სიაში უკვე იყო. მაგრამ კითხვა გამოგზავნა, შედით და ჩემი სახელით დაუსვითო. ამას ვაპირებდით თუ გამოგვივიდოდა შეღწევა, მაგრამ დიდი იმედი არ გვქონდა. როგორც ვთქვი, მეოთხე დღეა “სისტემამ გაჭედა”, კვირის დასაწყისში დაიწყო ეს ჭიდაობა. თითქმის ნულოვანი ალბათობა იყო, რომ კანონიერად მოიქცეოდნენ და პარლამენტში შევაღწევდით და არც გვითხოვია, მაკოსთვის დარჩენილიყო და ტყუილად მდგარიყო გარეთ.
ცუდია, რომ ამგვარი მისკომუნიკაციის საფუძველი შეიქმნა, რაც სახელისუფლებო მედიას ასეთი სპინის საშუალებას მისცემს. ჩვენი შეცდომაა, ტვინი უნდა დაგვეტანებინა, მაგრამ ეს ტვინებიც 79 დღე ქუჩაში დგომის შემდეგ, აქციის მერე, ღამის პირველ საათზე, ისე კარგად აღარ მუშაობს. აღარ დავიწყეთ შუაღამისას სიიდან ამოღებაზე ჩალიჩი. აღმოჩნდა, ამ ამბავმა სირცხვილიას დისკრედიტაცია გამოიწვია, რადგან ამ დროს მაკო თბილისში აღარ იყო. კარგი გაკვეთილია. აწი მეტ ყურადღებას გამოვიჩენთ. თუმცა კითხვებს, რომელთა დასმაც გვინდოდა, მაინც შევიტანთ პარლამენტში. დიდი მადლობა ამისთვის ოპოზიციურ პარტიებს – შემოგვთავაზეს, რომ თვითონ გააჟღერებდნენ #სირცხვილიას კითხვებს”-აცხადებს აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი შოთა დიღმელაშვილი.
დღეს, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა ახალი დასამტკიცებელი მთავრობის მოსმენაზე განაცხადა, რომ პარლამენტში არ უშვებდნენ 20 ივნისის აქციაზე დაშავებულ მაკო გომურს, რომელზეც საშვი იყო დაშვებული. გახარიამ განაცხადა, რომ ეს ტყუილია და გომური პარლამენტთან არ იმყოფებოდა.