სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ სააკაშვილი და მერაბიშვილი ივანიშვილის ლიკვიდაციას გეგმავდნენ

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილი ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაციას აპირებდნენ  ახმედ ჩატაევის ტერორისტულ დაჯგუფების საშუალებით, რომელსაც თვითონ აფინანსებდნენ. განცხადება ამის შესახებ სოსო გოგაშვილმა იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. 

“ჩატაევი პირდაპირ კავშირში აღმოჩნდა ნაციონალურ მოძრაობასთან. ფინანსდებოდა ვანო მერაბიშვილის და მიხეილ სააკაშვილის მიერ. ეს დანაყოფი შექმნეს იმის გამო, რომ ნებისმიერი პრობლემა გადაეჭრათ პირადი მიზნებისთვის. რომელიმე პოლიტიკური ოპონენტი იქნებოდა ეს თუ ასე შემდეგ… მიშას და ვანოს გარკვეული ინფორმაცია ჰქონდათ, რომ ქართული ოცნება საარჩევნოდ სერიოზულ რესურსს კრებდა მოსახლეობის სახით და ერთ ვერსიად გაჟღერდა, რომ ახმეტაში მათ უნდოდათ ბიძინა ივანიშვილის ლიკვიდაცია. ამას ზუსტად ამ ფარული ჯგუფის საშუალებით აკეთებდნენ, რომელსაც მერე ჩახოცავდნენ”, — განაცხადა გოგაშვილმა იმედთან ინტერვიუში.