ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა- იმედის ჟურნალისტი ლავროვს და ზახაროვას

,,ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა”,- ასე პასუხობს ტელეკომპანია ,,იმედის” ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა სერგეი ლავროვსა და მარია ზახაროვას. 

ქარდავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და 2008 წლის ომსა და ოკუპანტების მიერ მოკლულ ქართველებს იხსენებს.  

,,მე განვახორციელე თავდასხმა სერგი ლავროვზე. მე მოვკალი ტატუნაშვილიც, ოთხოზორიაც, ბაშარულიც, კვარაცხელიაც , 2008 წლის ომში 170 სამხედრო მოსამსახურე , შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი. მე დავჭერი რუსეთ-საქართველოს ომის დროს 2232 სამოქალაქო და სამხედრო პირი. მე დავიწყე ომი . მე და ჩემი კოლეგები ვართ ბორდერიზაციის, ჩაკეტილი გადასასვლელების და ჰუმანიტარული კატასტროფის შემქმნელები. როგორც კიბერშეტევის დროს, ყველაფერში პომპეო და მისი ანტირუსული რიტორიკაა დამნაშავე.

კიდევ ერთხელ ნაწყვეტი ტატუნაშვილზე მომზადებული დასკვნიდან. “წამების ინსტრუმენტებად, დიდი ალბათობით, გამოყენებულ იქნა იარაღის ტარი, ავტომატების კონდახები, იარაღის ლულა, სხვა ცილინდრული მკვრივი/ბლაგვი საგნები. წამების მეთოდებად გამოყენებულია სასტიკი ცემა ფოკუსირებულად ერთ ადგილზე და სხეულის მთელ მიდამოში, თავში ცემა. წამების მეთოდი გადის სექსუალური წამების მეთოდში, რაც გახლავთ გენიტალიების დაზიანება. არ არის გამორიცხული, რომ დიდი ინტენსივობით მოხდა ამ ადგილებში ცემა და სწორედ ეს გახდა სხვა დაზიანებებთან ერთობლიობაში ტრავმული შოკის განვითარების გამშვები მექანიზმი.
უნდა ვივარაუდოთ, რომ საათი და 10 წუთი მაინც აწამებდნენ”. მე ტატუნაშვილის ქვეყნიდან ვარ . ქალბატონო მარია და ბატონო მინისტრო, ოდესმე ყველას მოგიწევთ პასუხის გაცემა .. არაუშავს!”,- წერს ქეთევან ქარდავა. 

,,თქვენ ავადმყოფები ხართ, გოგონებო”,- ასე მიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, ქართველი ჟურნალისტების მას შემდეგ, რაც ევროსაბჭოს მინისტერიალის შესახებ კითხვა დაუსვეს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ ქართველი ჟურნალისტებს ,,ღირსებადაკარგული ქალები” უწოდა და რუსულ დელეგაციაზე თავდასხმაში დაადანაშაულა.