“ტექნიკური შეცდომა იყო” -ზურაბიშვილის უხერხული პოსტი ტვიტერზე

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტეს, რომ  დონალდ ტრამპის პოსტი,რომელშიც ის ჯო ბაიდენს „მძინარას“ უწოდებს, ტექნიკური შეცდომა იყო.ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სოციალური მედიის მენეჯერმა შეცდომით პოსტი პრეზიდენტის ტვიტერის ოფიციალური ანგარიშიდან გააზიარა.

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ტვიტერზე 29 აპრილს  გაზიარებული პოსტი გამოჩნდა, სადაც ტრამპი  აშშ-ის ყოფილ  ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, „მძინარას“ უწოდებს. გაზიარებული პოსტი დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იყო ინტერნეტმომხმარებლისთვის  ხელმისაწვდომი.

„მძინარა ჯო ბაიდენი დღეს პირველ აქციას მართავს პენსილვანიაში. მან აშკარად არ იცის, რომ პენსილვანიას წელს  საუკეთესო წელი აქვს ეკონომიკურად, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელითა და ფოლადის ახლა უკვე აყვავებული ინდუსტრიით (რომელიც მკვდარი იყო), მას დიდი მომავალი აქვს,“-წერია ტრამპის პოსტში.