“თავისუფლება არ იყიდება”-ეს განცხადება რუსთავი 2-ის გადაცემა შაბათის შუადღის წამყვანებმა გაავრცელეს. ნესტან ნენე კვინიკაძემ, ქეთი დევდარიანმა, ლაშა ბუღაძემ და დათო ტურაშვილმა “რუსთავი 2” დატოვეს.
მათი განცხადებით, შეუძლებელია დარჩნენ ტელევიზიაში, სადაც, აღარ იარსებებს კრიტიკული სიტყვა.
“სამწუხაროდ, საქართველოში უკვე მერამდენე ხელისუფლება იმეორებს წინამორბედის შეცდომებს და არც ეს ხელისუფლებაა გამონაკლისი ამ მხრივ და მეტიც — ეჭვი გვაქვს, რომ ეს მმართველობა არა მხოლოდ დემოკრატიასა და სიტყვის თავისუფლებას, არამედ საქართველოს ევროპულ, ისტორიულ არჩევანს უქმნის საფრთხეს და რაც მთავარია, საფრთხეს უქმნის საქართველოს დამოუკიდებლობასა და ქართულ სახელმწიფოებრიობას.
ჩვენ ისევ იმ ღირებულებების ერთგულები ვიქნებით, რასაც ლიტერატურა ყოველთვის გვკარნახობს და რისთვისაც ეს გადაცემა შეიქმნა და წლების განმავლობაში არსებობდა. თავისუფლების ალტერნატივა არ არსებობს და თავისუფლება არ იყიდება”, — აღნიშნულია გადაცემის წამყვანების განცხადებაში.
შეგახსენებთ, არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე. შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ კი გაათავისუფლებენ საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარ პროდიუსერს, გიორგი ლაფერაშვილს; პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს, გიორგი გაბუნიასა და ეკა კვესიტაძეს და გასართობი გადაცემის ავტორსა და წამყვანს, ნანუკა ჟორჟოლიანს. ახალმა დირექტორმა, პაატა სალიამ მათი გათავისუფლების მიზეზად “ინტერესთა კონფლიქტი” დაასახელა.
ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა და არხის თითქმის სრულმა შემადგენლობამ.