თბილისის ბაგა-ბაღებიდან დარღვევების გამო რძის პროდუქტები ამოიღეს

საფრთხისშემცველი პროდუქტები საბავშვო ბაღებში დაფიქსირდა. დარღვევები  არაჟანში, ხაჭოსა და ყველში – რძის პროდუქტები თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან ამოიღეს.

“არაჟანში, ხაჭოსა და ყველში აღმოჩენილი შეუსაბამობების გამო, 27 მარტიდან თბილისის ბაგა-ბაღების კვების რაციონიდან აღნიშნული პროდუქტები ამოღებულია”,- ამის შესახებ ინფორმაციას  ბაგა-ბაღების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ინფორმაციით,  “ქობულეთურის” მიერ წარმოებულ არაჟანსა და ხაჭოში მცენარეული ცხიმი, ხოლო სასოფლო სამეურნეო კოოპერატივის მიერ წარმოებულ ყველში რძის შემცვლელი ფხვნილი აღმოჩნდა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ პროდუქციის ან მიმწოდებელი უნდა შეიცვალოს, ან მიმწოდებელმა წარმოადგინოს ახალი დოკუმენტი, რომ პროდუქცია ბავშვების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა.

ბაღების მომმარაგებელ კომპანია “ნილში” შეუსაბამობის არსებობას გამორიცხავენ და ვარაუდობენ,რომ  ეს ლაბორატორიის მიერ  დაშვებული  შეცდომაა.

“2019 წლის 7 მარტს ბაღების სააგენტომ სურსათის ეროვნული სააგენტოს კვლევაზე დაყრდნობით მოგვწერა, რომ ქვეკონტრაქტორი კომპანიების მიერ მოწოდებული რძის პროდუქტების – ყველის, ხაჭოს, არაჟნის მიწოდება შეგვეწყვიტა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თავისი ინიციატივით 13 ბაღში ჩაატარა კვლევა და არაჟნისა და ხაჭოს შემთხვევაში ერთ კონკრეტულ ბაღში აღმოჩნდა დარღვევა, ხოლო ყველის შემთხვევაში 10 ბაღიდან მხოლოდ ერთში. ეს ნიმუშები არის ერთსა და იმავე დღეს ამოღებული და ერთი და იმავე პარტიის ყველი. ჩვენ გამოვთქვამთ ვარაუდს, რომ ეს შეიძლება იყოს ლაბორატორიის მიერ დაშვებული შეცდომა, რადგან ერთი კონკრეტული თარიღითა და პარტიით მიწოდებული ყველი როგორ შეიძლება იყოს სხვადასხვა შემადგენლობით?”- აღნიშნა მან.

მონიტორინგის შედეგებში ეჭვი ეპარება კომპანია “ქობულეთურის” წარმომადგენელსაც. კომპანია მზადყოფნას გამოთქვამს, რომ პროდუქციის ნიმუშები თურქეთის ერთ-ერთი ლაბორატორიაში გაგზავნოს.