თეა წულუკიანი ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრებზე კომენტარს აკეთებს

ვინც ამას ავრცელებს მინდა რჩევა მივცე, იფიქროს სხვა რამეზე – აცხადებს იუსტიციის მინისტრი. თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ გამოძიება დამნაშავეებს სწრაფად დაადგენს და დააკავებს. მისი აზრით ასეთი კადრების გავრცელება ქალების ტერორს ისახავს მიზნად და არც ბესელია და არც ამგვარი ფაქტის სხვა არცერთი მსხვერპლი არ გაჩერდება და ფარხმალს არ დაყრის.

„ვისზეც არ უნდა გავრცელდეს ფარული ჩანაწერი, იქნება ეს ჩვენივე გუნდის წევრი, პოლიტიკური ოპონენტი, თუ სხვა, მე ვფიქრობ, რომ ეს არის მიუღებელი, ყველამ უნდა დაგმოს ეს ფაქტი და გაემიჯნოს მას.

მე პირადად ყველანაირი ფარული ჩანაწერის გავრცელებას, მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება და მიზნად ისახავს ქალზე ტერორს და როგორც ითქვა კიდეც, მორალური ტერორის მცდელობას, რა თქმა უნდა, ვგმობ, მაგრამ მინდა აქვე დავსძინო, რომ არ არსებობს დედამიწაზე ქალი, რომელიც დაყრის ფარ-ხმალს.ქალი არის ძლიერი და ვინც ამას ავრცელებს მინდა რჩევა მივცე, იფიქროს სხვა რამეზე აკეთოს სხვა საქმე, ეს არის დანაშაული და მე იმედი მაქვს ამ ადამიანებს მალე მიაკვლევს გამოძიება და მართლმსაჯულებაც განხორციელდება,”-განაცხადა წულუკიანმა.