თეონა ბაკურიძის ეთერიდან ჩამოშორება უკანონო გადაწყვეტილებაა- საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, აჭარის მაუწყებლის ტელეწამყვანი თეონა ბაკურიძის ეთერიდან ჩამოშორება უკანონო გადაწყვეტილებაა.

საია აცხადებს, რომ ბაკურიძის უფლებებს სასამართლოში დაიცავს.

აჭარის მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვების წამყვანს, თეონა ბაკურიძეს უფლებამოსილება დროებით შეუჩერა. კოხრეიძის ბრძანების მიხედვით, ბაკურიძე საინფორმაციო სამსახურის უფროს გიორგი აბაზაძეზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას ახდენდა და მას თანამდებობის დატოვებას აიძულებდა.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 6 მარტს ტელევიზიის ნიუსრუმში მომხდარი კამათის ფაქტზე მოკვლევა დაიწყო.

გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, თეონა ბაკურიძეს 9 მარტიდან ,,დროებით ეკრძალება შრომითი ხელშეკრულებით გაწერილი კონკრეტული საქმიანობის განხორციელება და ჩამოშორებულია ტელევიზიიდან”. 

თეონა ბაკურიძის თქმით, გადაწყვეტილება აბსოლუტურად უსამართლო და კანონდარღვევაა, პასუხისმგებლობა კი ,,აჭარის უმაღლეს საბჭოს, ,,ქართულ ოცნებასა” და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება, რომელმაც ბრძანება გასცა”.