თიბისი ბანკის საქმე: პრემიერის განცხადება

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე “თიბისი” ბანკის საქმეზე საუბრისას აცხადებს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, თითქოს კითხვების დასმა საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედებს

“სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მე პირადად პრობლემად”, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ “თი-ბი-სი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ის შორს არის მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ დიდი მონაპოვარის შესუსტებას.

“ჩემი პირადი მოსაზრებაა, ისევე როგორც ჩემი გუნდის და ნებისმიერი საღად მოაზროვნე ადამიანის, რომ როდესაც ჩვენი კომპანიები, განსაკუთრებით ფინანსური ინსტიტუტები, წარმოდგენილი არიან საერთაშორისო ბირჟაზე, ეს არის ძალიან დიდი მონაპოვარი და ამას გაფრთხილება უნდა. ამასთან ერთად საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები აღნიშნავენ, რომ ჩვენი ფინანსური სექტორი არის განსაკუთრებით მდგრადი რეგიონში და ამავე დროს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარი. მე ნამდვილად შორს ვარ იმ მოსაზრებისგან, რომ თუ კითხვები გაჩნდა რომელიმე ინდივიდუალური აქციონერის მიმართ, ეს გამოიწვევს ამ ძალიან დიდი მონაპოვარის გარკვეულ შესუსტებას. ჩვენი უპირატესობა და წარმატება გახლავთ ის, რომ მოხდა ბევრი ორგანიზაციის ინსტიტუციონალიზაცია და შესაბამისად, მათი ლონდონის ბირჟაზე წარმოდგენაც არის ამის ძალიან კარგი მაგალითი. სამწუხაროდ, აქ მე უფრო დავინახე პოლიტიკური სპეკულაციის თემა, ვიდრე შინაარსობრივი არგუმენტები. თუ კითხვები არსებობს, რაც ეხება ინდივიდუალურ აქციონერს, ამ კითხვებზე პასუხის გაცემა არ მიმაჩნია მე პირადად პრობლემად”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საუბარი იმაზე, რომ შეიძლება საქართველოში ფინანსურ სტაბილურობას რამე საფრთხე შეექმნას, რეალობას არ შეესაბამება. მამუკა ბახტაძის განცხადებით, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.

“თიბისის”, ისევე როგორც საქართველოს სხვა ნებისმიერი ბანკის ერთობლიობა უდრის საქართველოს ფინანსური სექტორის მყარ ფინანსურ სტაბილურობას, შესაბამისად, ასე განპიროვნებება მე ვფიქრობ, სწორი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ნებისმიერ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი, თუმცა იმ მოსაზრებას, რომ კითხვების დასმა საქართველოს ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფითად იმოქმედებს, ვერ დავეთანხმები, რადგან მოწყვეტილია რეალობას. ეს ნამდვილად არ არის ასე. მე კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რომ ჩვენთვის ძალიან დიდი მონაპოვარია, რომ ჩვენი კომპანიები წარმოდგენილი არიან ლონდონის ბირჟაზე, მათ შორის პრემიუმ ლისტინგში, რომელიც განსაკუთრებული პატივია და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამაში მონაწილეობს, ვინაიდან ამან გზა გაუხსნა სხვა ქართულ კომპანიებს, რომ წვდომა ჰქონდეთ საერთაშორისო კაპიტალზე, ჩვენი ფინანსური სტაბილურობა არის ძალიან მაღალი და ამას ადასტურებს ყველა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი”, განაცხადა მამუკა ბახტაძემ.