“თქვენგან განსხვავებით, ფულს არავინ მჩუქნის”- როგორ გამოეხმაურნენ პატრიარქის ქადაგებას ქალები

გუშინ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს მარიამ მაგდალინელის დღესასწაული მიულოცა და საკვირაო ქადაგებისას დედის როლზე ისაუბრა. ილია მეორემ აღნიშნა, რომ “ სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა, მრავალი შემთხვევაა, როდესაც დედა ტოვებს ოჯახს და მიდის სამსახურში, სამსახური საჭიროა, მაგრამ პირველი შვილების აღზრდაა”- განაცხადა ილია მეორემ

პატრიარქის საკვირაო ქადაგების ამ ნაწილს გამოეხმაურა ინტერნეტგამოცემა “ტაბულას” დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს რომ მიესალმება პატრიარქის გადაწყვეტილებას რომ თუ ახალ სიცოცხლეს ქმნი მას პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო, თუმცა ამას ფული უნდა. 

“მე ვეთანხმები პატრიარქს, რომ ახალ სიცოცხლეს თუ ქმნი, პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდო – მთავარი ჩემთვისაც ჩემი შვილების აღზრდაა ისე, რომ მათ, სულ მცირე, იგივე შეძლონ თავიანთი შვილებისთვის.

მაგრამ ამას ფული უნდა ძვირფასო უნეტარესო – მე კი, თქვენგან განსხვავებით, ფულს არავინ მჩუქნის.

უნდა გამოვიმუშაო.

და გამოვიმუშავებდი კიდეც – ორ კვირაზე მეტი არცერთი შვილის გაჩენის შემდეგ არ დამისვენია.

საქმე გამიფუჭდებოდა, იმდენი ფული აღარ მექნებოდა და შვილებს ისე კარგად ვეღარ გავზრდიდი პატრიარქო – კარგს ვერ შეჭამდნენ, ვერ ჩაიცმევდნენ, კარგ განათლებას ვერ მიიღებდნენ .

დიახ – თქვენ წარმოიდგინეთ, შრომა მიწევდა და მიწევს, უწმინდესო და უნეტარესო.”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

პატრიარქის ქადაგებას ფსიქოლოგი მაია ცირამუაც გამოეხმაურა. 

“ჩემო პატრიარქო!

ახლა ალბათ ხუთი გადასცდა შვიდს. ჯერ ისევ ბნელა და ფანჯრებს იქით ქარი ზუის. შემოვდგამ ჩაიდანს, ბიჭს რძიან კაკაოში ორი კოვზი შაქარი უყვარს. ჩანთას ჩაალაგებდა თვითონვე გუშინ. სად არის ახლა ის თმის სარჭი, აქ იდო წუხელ, გაიღვიძებს და ინერვიულებს გოგო – დავალებას რომ წერდა გვიან ღამით, რვეულში თუ ჩარჩა. ეს ცომი, ბლინებისთვის რომ მოვამზადე, ტაფამ რომ არ მიიკრას, ზეთი გათავებულა და კარაქს წავუცხებ ძირზე, მაგრამ არ შეჭამს შუათანა. რაც არის არის! ორ ნაჭერ პურს გავუხუხავ შუაში ყველით.
დავიწყებ ახლა სახლის გამოღვიძებას. ვიქცევი ჩემი შვილების თვალებში მოჭყიტინე მზის სხივად. მერე ნიავად, მერე ქარად ან ქარიშხალად.
-ადექით, ახლა გაიღვიძეთ დილა გათენდა და უნდა დატოვოთ სახლი, რომელიც ვიცი, რომ გიყვართ. გესმით ზარის ხმა?
– არა, დედა, ქარია გარეთ, ცოტაც გვაცალე, დავასრულებთ სულ ბოლო სიზმარს.
ოჰ, ღმერთო ჩემო, რა ამბავია, იყავი ჩუმად. გამოკეტე ოთახის კარი, არ გაიღვიძოს კაცმა, მას დაღლილს სძინავს, ხუთის ხუთ წუთზე მორჩა ბოლო ნაშრომის კითხვას. ხვალ გზაზე მიდის. საგზალი უნდა. არ დაავიწყდეს – ჩემოდანი ჩაალაგა ნეტავ?
ჩვენ გავდივართ სახლიდან ხმაურით, ღელვით, რამე არ დაგრჩეს! ჩააქრე გაზქურა? უთო? ჩაიდანი ხომ არ დაგვავიწყდა?! ფისოს დაუყარე საჭმელი? მამას გასაღებს მე წავიღებ, მაინც არ ჩამოვა ზეგ საღამომდე. მოიხსენი გთხოვ ეს ყურსასმენი, როცა ქუჩაზე გადადიხარ! ხვალაა კრება?
ჩვენ ვგავართ მზეს, სხვადასხვა მიმართულებით რომ ისვრის სხივებს.
მე ტკივლების ექიმი ვარ და ახლა უნდა დავივიწყო ჩემი სახლი, ჩემი შვილები. სხვის ტკივილებში ვიხეტიალო. დღეს რამდენი ტკივილის ექიმი ვარ? 10 – ზე, 11-ზე, 12 ზე, 2 ზე და 4 ზე, მოვლენ ბავშვები, რომლებსაც არ უხარიათ წვიმა რომ მოდის და არ იციან რა მაგარია იქ ბოტებით ჭყაპა-ჭყუპი, ზოგჯერ ხედავენ და ზოგჯერ ვერა იმ ცისარტყელას ყველა რომ ხედავს, არ ჰყავთ დედები დილით თეფშზე კარაქიანი პური რომ დაუდოთ.
მერე შეხვედრაა – იქ უნდა ვილაპარაკო ტკივილებზე ბავშვებს რომ ყელში ბურთად უგორგლდებათ. და უნდა ჩავყლაპო ჩემი ბურთი. მე უნდა ვიყო მშვიდი და როგორმე ვიპოვო ერთი პეშვი ბედნიერება იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც ცუდი სიზმრები აქვთ.
ისევ სამსახურში მობრუნებული, ახლაღა ვხვდები – სადღაც, ჩანთაში, ჩემი ტელეფონი რეკავს:
– დედა, სახლში მოვედი და არავინაა, გასაღები შენ წაიღე?
– დედა, ხვალაა ფული ჩასარიცხი ინგლისურზე!
– დედა, რაღაც თავი ამტკივდა და შეიძლება დღეს არ წავალ ფეხბურთზე?
– დედა, რომ გირეკავ, ასჯერ რომ გირეკავ, რატომ არ მპასუხობ?!
– დედა, გესმის? არ გესმის დედა?!
კაცი დატოვებდა ალბათ სახლში ვაშლს, მსხალს და გოგრას. უფროსი გამოაცხობდა ღუმელში უთუოდ. ოოჰ, როგორ მიყვარს ახლად გამომცხვარი გოგრის სუნი. რა ხდება ნეტა ახლა სახლში?! ზეთი აღარ გვაქვს. ცოტაა ბრინჯი, გოგოს ფეხსაცმელს ლანჩი სძვრება. და თვის ბოლომდე, ხელფასამდე, ათი დღე რჩება.”- წერს მაია ცირამუა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.