თსუ-ის რექტორის დისერტაციაში პლაგიატი დადასტურდა- იაგო კაჭკაჭიშვილი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის განცხადებით, გიორგი შარვაშიძის დისერტაციაში პლაგიატი დადასტურდა.

საქმე ეხება 2003 წლის დისერტაციას, რომელიც შარვაშიძემ სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში დაიცვა.

,,გუშინ მივიღე ოფიციალური წერილი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, სადაც შავით თეთრზე, არაორაზროვნად წერია, რომ შარვაშიძის დისერტაციაში დადასტურებულია პლაგიატი ნაშრომის 34%-ის (!!!) მოცულობით”,- წერს პროფესორი და აქვეყნებს ილიაუნის ოფიციალურ წერილს.

წერილში ნათქვამია, რომ თსუ-ის რექტორის დისერტაციაში ბროშურის ტექსტი გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე.

,,გიორგი შარვაშიძის სადისერტაციო ნაშრომში სრულად მეორდება აღნიშნული ბროშურის („სტრუქტურული რეფორმები უმაღლეს განათლებაში და საქართველოს კერძო უმაღლესი სასწავლებლების განვითარების ტენდენციები“, ი.კ) ძირითადი ტექსტი (სატიტულო გვერდისა და მესამე გვერდის გარეშე), რაც წარმოადგენს დისერტაციის 34%-ს. აღნიშნული ბროშურის ტექსტი დისერტაციაში გადმოტანილია ციტირებისა და ბიბლიოგრაფიაში მითითების გარეშე. გამოვლენილი ვითარება შეესაბამება პლაგიატის განსაზღვრებას,”- წერია კაჭკაჭიშვილის გამოქვეყნებულ ილიაუნის დასკვნაში.

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, სოციოლოგიის მიმართულების ხელმძღანელის თქმით, რექტორი მანიპულაციურად მოიქცა და დისერტაცია გაატარა ისეთ ანტიპლაგიატის პროგრამაში (Turnitin), რომელშიც ბროშურა შეტანილი არ ყოფილა.

იაგო კაჭკაჭიშვილისთვის ჯერჯერობით გიორგი შარვაშიძეს ან თსუ-ის ადმინისტრაციას არ უპასუხია.

თსუ-ის რექტორის დისერტაციაში პლაგიატის შესახებ 2019 წლის შემოდგომაზე ,,სტუდია მონიტორმა” გადაცემა ,,თავისუფლების მონიტორში” ჟურნალისტური გამოძიება მოამზადა. შარვაშიძე მაშინ პლაგიატს უარყოფდა.