თუ ეს ზომები წარუმატებელი იქნება, პიკი გვექნება ერთი თვის განმავლობაში და წალეკავს სისტემას- ზოიძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემების სპეციალისტისა და ,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, აკაკი ზოიძის განცხადებით, თუ მიღებული ზომები – კარანტინი და თვითიზოლაცია წარუმატებელი აღმოჩნდება, საქართველოში პიკი ერთი თვის განმავლობაში იქნება და ის სისტემას წალეკავს.

მისი თქმით, ასეთ სცენარს არ ვარაუდობს და პიკს სექტემბერში ელოდება – ,,პიკი არ იქნება 3000 და 4000 ინფიცირებული ერთ კვირაში, არამედ იქნება 1500 და ისიც სექტემბერისთვის, ეს შეგვინარჩუნებს სისტემას“.

,,ორი თემა გვაქვს კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ერთი პიკის მიღწევის მაქსიმალურად გადაწევაა. ორი მოდელია და ოთხი სცენარია – საიდანაც გამოდის, რომ, თუ წარუმატებელი იყო ის ზომები, რომლებიც მივიღეთ ვირუსის შენელების კუთხით – თვითიზოლაციის, კარანტინის, მაშინ პიკი გვექნება ერთი თვის განმავლობაში და ეს პიკი წალეკავს სისტემას, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა, რადგან ჩვენ ვიზუალურად ვხედავთ, რომ ადამიანები ქუჩაში ნაკლებად დადიან. 30%-ით მოსახლეობის მთლიანი კონტაქტების შემცირება პიკურ კვირაში სამჯერ ამცირებს ჰოსპიტალიზებულთა რაოდენობას და მათ შორის, რა თქმა უნდა, რეანიმაცია და სუნთქვითი აპარატი, ვისაც დასჭირდება იმის რაოდენობასაც.

მე მგონია, რომ ჩვენ პიკი გვექნება მაქსიმალურად დამრეცი და არა ციცაბო. არ იქნება 3000 და 4000 ერთ კვირაში, არამედ იქნება 1500 და ისიც სექტემბერისთვის იქნება ეს პიკი, ეს შეგვინარჩუნებს სისტემას“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

ის მთავრობას ურჩევს, რომ სწრაფი ტესტები, როგორც ერთ-ერთ რისკჯგუფს, სასულიერო პირებს ჩაუტაროს.

„მთავრობას ვურჩევდი, რომ ერთ-ერთ პირველი რისკჯგუფი ეს სასულიერო პირები და ეკლესიების მოძღვრები არიან რომლებსაც დიდი რაოდენობის ხალხთან უხდებათ ურთიერთობა, რომ არ გახდნენ უნებლიეთ ინფექციის გავრცელების წყარო. რაც შეეხება კოვზს, ასევე ბიბლიაში მე არ შემხვედრია, რომ კოვზი იყოს აუცილებელი ატრიბუტი. დაბეჯითებით მოვუწოდებ მრევლს, დაიცავით ის წესები, რომლებსაც ჯანმთელობის სპეციალისტები გირჩევენ, ეს გადარჩენს თქვენს მოყვასს“.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. კარანტინშია მოქცეული ბოლნისისა და მარნეული მუნიციპალიტეტები. კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 73-ია, მათგან 10 გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში არის 4055 ადამიანი, ხოლო
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.