ცხინვალში დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილმა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ იმედი მიეცა რომა მეუღლე შინ 13 დეკემბერს დაბრუნდება.
„მე ძალიან დადებითი მოლოდინებით ვარ განწყობილი და იმედია არ გამიცრუებენ. ვფიქრობ, რომ თუ რაიმე ადამიანობა, კანონიერება და სამართლიანობაა, წესით ხვალ უნდა გამოუშვან. იმედი უფრო ჟენევის მოლაპარაკებების შემდეგ მომეცა. იმდენმა ქვეყანამ და მსოფლიო თანამეგობრობამ გამოუცხადა სოლიდარობა და ჟენევის მოლაპარაკებებზეც იმდენად აქტუალური და პირველი თემა იყო , რომ მემგონი რაღაცამ უნდა იმოქმედოს, მინდა დავიჯერო ყოველ შემთხვევაში“,-განაცხადა თამილა ლაფანაშვილმა.
თბილისში მცხოვრები და მომუშავე ექიმი, ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში, რუსი სამხედროებმა ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 9 ნოემბერს, დააკავეს. თუმცა ექიმი, საზღვრის გადაკვეთის ბრალდებას არ აღიარებს და ამბობს, რომ ის ქართულ მიწაზე იმყოფება.
დაკავებულ ქართველ ექიმს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. იგი ამჟამად ცხინვალის იზოლატორში იმყოფება.
ვაჟა გაფრინდაშვილი ცნობილი ექიმია. იგი საქართველოს ორთოპედ-ტრავმატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტია და კლინიკა „მედი ქლაბის“ წამყვანი სპეციალისტი. კონფლიქტის ზონაში ის ავადმყოფის დასახმარებლად ჩავიდა.