“წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი თვალსაჩინოა“–ცოტნე გამსახურდიას ცოლი მისი ჯანმრთელობის შესახებ

ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამის შესახებ ფეისბუქში მისი მეუღლე წერს:

“ცოტნეს გულშემატკივართა გულწრფელი ინტერესის გამო, მოკლედ მოგახსენებთ მისი ჯანმრთელობის ამჟამინდელი რეალური მდგომარეობის შესახებ. გაგახარებთ და გეტყვით, რომ ცოტნეს მდგომარეობა, მართალია, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება. დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში აქვს. ჯერ-ჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია. ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი ხანია მოხსნილია. მართალია, წინ კიდევ ბევრი ბრძოლა გველის, მაგრამ პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ექიმი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზისადმი არის განწყობილი. ორი დღის წინ ჩაუტარდა განმეორებითი მრტ, რომელზეც აღინიშნა დადებითი დინამიკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს უტარდება სწორი მკურნალობა და ყველა საჭირო პროცედურა რამდენიმე ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ხანია დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო თერაპიაც. აღარაფერს ვამბობ ზედმიწევნით დაცულ ჰიგიენის ნორმებზე… ასე, რომ იმედით შევყურებთ მომავლს“– წერს ანა ჯაბაური.

შეგახსენებთ, რომ  ცოტნე 19 დეკემბერს, ვერაზე, მისივე სახლთან დაჭრეს.ცოტნე გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ხუთი პირი დააკავა.

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ოთხ პირს – ტატო ღარიბაშვილს, გიორგი სოლოღაშვილს, პეტრე ყუფარაძესა და კახა ჩხეტიანს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა განუსაზღვრა.

დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე კი საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.

თბილისში ჩატარებული ოპერაციის შემდეგ ცოტნე გამსახურდია სტამბულის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც დღემდე რჩება.