წლების, უდიდესი ძალისხმევით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია ჩამოშალეს- ჩუგოშვილი ,,ქართულ ოცნებაზე”

,,ქართული ოცნების” ყოფილი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, მმართველმა გუნდმა უდიდესი ძალისხმევით და ენერგიით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია ჩამოშალა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის სხდომაზე რეზოლუციის ჩავარდნა ასოცირების შეთანხმებას საფრთხეს არ უქმნის, თუმცა ,,გამორიცხული არაფერია”.

,,იმდენად ვამწვავებთ ჩვენ მათთან ურთიერთობას და იმდენად გავიფუჭეთ წლების ნაშენები, წლების წვალებით, არ ვიცი… უდიდესი ძალისხმევით და ენერგიით ნაშენები ქვეყნის რეპუტაცია ისე ჩამოშალეს, რომ ახლა უკვე გასაკვირი და გამორიცხული, სამწუხაროდ, არაფერი არ არის”, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

გუშინ, 13 დეკემბერს ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტზე საქართველოსთან დაკავშირებული დეკლარაცია ევროპარლამენტარებმა ჩააგდეს. საბოლოო დეკლარაციის დოკუმენტში ევროპარლამენტარებს შესწორებების შეტანა სურდათ გიგი უგულავას, საარჩევნო სისტემას და სხვა საკითხებზე, თუმცა შესწორებების საქართველოს მმართველი გუნდი არ დაეთანხმა.

შესწორებების გარეშე დარჩენილი ტექსტის გამო ევროპარლამენტის წარმომადგენლობამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა.