წულუკიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ოდირის დასკვნიდან ,,ქოფი ფეისთით” ამოუღონ ფრაზა, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობაზე წერია

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ოპოზიციას მოუწოდებს, ,,ქოფი ფეისთით” ამოიღონ ფრაზა ოდირის დასკვნიდან, სადაც ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციასთან შესაბამისობაზე წერია და წინ დაუდონ.

წულუკიანის თქმით, ოპოზიციამ უცოდნირობა გამოავლინა და ვერ გაიგო, სად შეემოწმებინა საარჩევნო მოდელი.

,,ამ დასკვნაში, რომელიც ინგლისურ ენაზეა გამოცემული, რამდენადაც მე ამ ენას ვფლობ, არსად წერია ის, რომ მათ მიერ გაგზავნილი ე.წ. გერმანული მოდელი შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. თუ ეს სადმე წერია, მე მოვუწოდებ ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენელს, რომ ე.წ “ქოფი ფეისთით” ეს ფრაზა ამოგვიღოს და წინ დაგვიდოს, ამგვარი არ არსებობს”- ამბობს წულუკიანი.

ეუთო/ოდირმა დასკვნა გუშინ გამოაქვეყნა. ოპოზიციური ლიდერების თქმით, დასკვნის მიხედვით, ე.წ. გერმანული მოდელის კონსტიტუციურობა დასტურდება, რადგან შეუსაბამობის შემთხვევაში, ორგანიზაცია ამაზე აუცილებლად მიუთითებდა. ოთარ კახიძის განცხადებით, ოდირმა მიუთითა, რომ საარჩევნო ცვლილებებს ორგანული კანონის ცვლილება სჭირდება, რაც პირდაპირ ნიშნავს, რომ მოდელი კონსტიტუციასთან შესაბამისია.

ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ ,,საერთაშორისო სტანდარტები არ ითვალისწინებს საარჩევნო სისტემების არჩევანს. საარჩევნო სისტემის არჩევა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული, ჰიბრიდული თუ ალტერნატიული სისტემა, ექვემდებარება ფართო დისკუსიას, რაც შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს საშუალებას მისცემს წარმოადგინონ რეფორმირების პოზიტიური და უარყოფითი შედეგები”.

ეუთო-ოდირის დასკვნის მიხედვით, ოპოზიციის მიერ წარდგენილი შეთავაზება შეესაბამება “უნივერსალური, თავისუფალი, ფარული და პირდაპირი ხმის მიცემის, ასევე პერიოდული არჩევნების პრინციპებს.