წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ოქტომბერში არც ხავსი შერჩებათ, ვპირდები- კალაძე ენმ-ს

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ,,ნაციონალური მოძრაობა” ხავსს ეკიდება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ეს ხავსიც არ შერჩებათ.

,,ვის თავში მოხვდა [დასავლელი პარტნიორების განცხადებები], ვის სახეში, ვის ცხვირ-პირში, მაგას 2020 წლის არჩევნები აჩვენებს. ნაციონალური მოძრაობა, ეს ადამიანები ერთადერთი დამოკიდებულები არიან ამ განცხადებებზე, ხომ იცით, ნათქვამია, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ისეა მათი საქმე, ხოლო 2020 წლის ოქტომბერში არც ხავსი არ შერჩებათ ხელში. მაგის პირობას ვაძლევ”,- ამბობს კალაძე.

ის ასევე აღნიშნავს, რომ პრობლემა არ აქვს პროპორციულ არჩევნებთან, თუმცა პარლამენტის დეპუტატების ნაწილი ამ ცვლილებებს ეწინააღმდეგება.

,,საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, 110/40-ზე, 120/30-ზე თუ საერთოდ პროპორციული არჩევნები იქნება, საერთოდ ვერ ვხედავ პრობლემას, თუმცა, გუნდში იყო დეპუტატების გარკვეული რაოდენობა, რომელიც ეწინააღმდეგებოდა საარჩევნო სისტემის ცვლილებას. რა თქმა უნდა, გუნდშიც უნდა მოხდეს შეჯერება და კონსენსუსი, თუ როგორი საარჩევნო სისტემა იქნება”,- აცხადებს ,,ქართული ოცნების” ლიდერი.

კალაძე პროპორციული არჩევნების ჩაგდების შემდეგ ამბობდა, რომ ,,ოპოზიციური პარტიების ლიდერების ქმედებებიდან გამომდინარე” პროპორციული არჩევნები საფრთხის შემცველია.