პრემიერი: ინფორმაცია, რომ მე ჩემი ოჯახის წევრს შეიძლება, ვუჩივლო, დეზინფორმაციის კამპანიის ნაწილია

{{ARTICLEIMAGE}}
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებს, რომ “რუსთავი2”-ზე გასული რეპორტაჟი, რომელიც სასამართლო დავას ეხებოდა, მტკნარი სიცრუე, სრული აბსურდი და ე.წ. “ფეიკნიუსის” კამპანიის ნაწილია. ხელშეკრულებაში იყო სამართლებრივი ხარვეზი, რომელიც გასწორდა, მოხდა ვალის გადახდა და ეს ისტორიაც დაიხურა, თქვა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, როდესაც აღნიშნულ თემაზე მას რუსთავი 2 – ის ჟურნალისტმა დაუსვა შეკითხვა. მამუკა ბახტაძის თქმით, სასამართლო დავა, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი 2015 წელს დასრულდა და რამდენიმე თვეში მოხდა ვალის გასტუმრება.

“ისევე როგორც ათიათასობით ქართულ ოჯახს, ჩემს ოჯახსაც ჰქონდა ვალი და ეს ვალი იქნა გასტუმრებული. ისე იქნა გასტუმრებული, რომ “რუსთავი 2- მაც კი ვერ დამალა. როდესაც უშუალოდ სასამართლო დავაზე ვსაუბრობთ, ხელშეკრულებაში იყო სამართლებერივი ხარვეზი, რომელიც გამოსწორებულ იქნა სასამართლოს მიერ. მოხდა ვალის გადახდა და ისტორია ამით დაიხურა. მაგრამ ამ სიუჟეტის ავტორებმა საკუთარ თავს გაასწრეს – პირველ სიუჟეტში, სადაც საუბარი იყო სახლზე, რომელიც 15 წლის წინ შეიძინა ჩემმა ოჯახმა და რომ თითქოს, ამ სახლის შეძენა კავშირშია ჩემს თანამდებობაზე მისვლასთან. ასევე – გვერდით, მეზობლის მიწის ნაკვეთი თურმე ჩემს ოჯახს ეკუთვნის. ამიტომ ვამბობ, საკუთარ თავს გაასწრეს – ვალდებულების შესრულება წარმოჩენილ იქნა როგორც კომპრომატი. მე ვახსენე დეზინფორმაცია და “ფეიკნიუსები”- მოდერილებულ სინამდვილეში ჩვენ ვხედავთ ყველანაირი ფასეულობის აღრევას, მათ შორის იმას, რომ თურმე, ვალდებულების შესრულება არის ცუდი ნაბიჯი და ვალდებულების არშესრულება შეიძლება, იყოს დადებითი. ბუნებრივია, ასეთ ლოგიკას ვერ გავიზიარებ და ჩვენი მოქალაქეებიც ხედავენ ამას. უფრო მეტიც, ჩემი მოლოდინი ასი პროცენტით გამართლა და ვარ ძალიან კმაყოფილი, ჩემი ინტუიცია გამართლდა – რატომ გამართლდა ახლა ამას გეტყვით – როდესაც მე დავიწყე ჭარბვალიანობის პრობლემაზე საუბარი, მქონდა მოლოდინი, რომ ჩვენი ოპონენტები შეეცდებოდნენ, სხვადასხვა სისულელეების მოტანას. რაც უფრო ხშირად იტყვიან იმას, რომ მე შეიძლება, ვიყიდო ისეთი ორსართულიანი მატარებელი, რომელიც გვირაბში ვერ გაეტევა, რაც უფრო ხშირად იტყვიან, რომ ჩემ ოჯახს, მიწის ნაკვეთს ჩემ პოლიტიკური მოღვაწეობასთან აქვს კავშირი, ან იმას, რომ შეიძლება, ჩემ ოჯახს და ოჯახის წევრებს ვუჩივლო, ასეთი დეზინფორმაციები ძალიან კარგი მაჩვენებელი იქნება იმისა, რომ ჩვენ დაპირებებს საზოგადოების წინაშე პირნათლად ვასრულებთ. ასე რომ, იმედია, მომავალშიც მოვისმენთ მსგავს “ფეიკნიუსებს”, რაც იქნება მაჩვენებელი, რომ ჩვენ სწორ გზაზე ვდგავართ. მინდა მოვმართო ჩვენ ოპონენტებს და მსგავსი სიუჟეტის დამკვეთებს – მოეშვით, ნუ ღელავთ, ვალების განულების პროცესი 15 დეკემბერს დაიწყება და 600 000 ქართული ოჯახი ახალ წელს ამ ვალების გარეშე შეხვდება “, თქვა მამუკა ბახტაძემ.  

შეგახსენებთ, “რუსთავი 2” – ის ეთერში სიუჟეტი გავიდა, რომლის თანახმად, პრემიერმა მამუკა ბახტაძემ საკუთარ დედას სასამართლოში უჩივლა. ამავე წყაროს თანახმად, ტელეკომპანიის საინფორმაციო პროგრამა “კურიერს” სანდო წყარომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს განჩინება მიაწოდა.

საქმეში მოდავე მინისტრი მამუკა ბახტაძეა, მოპასუხე კი იამზე კალანდაძე – ქალი, რომელმაც პრემიერის ოჯახს დიდი ფული ასესხა. მოპასუხეთა შორისაა პრემიერის დედა – მანანა ნანიტაშვილი.

ისტორია 2011 წლის 23 სექტემბრიდან იწყება, როდესაც პრემიერის დედამ ორი მოქალაქისაგან, ჯამში, 120 ათასი დოლარი ისესხა. ფულის დაბრუნების გარანტად კი გამსესხებლის სასარგებლოდ იპოთეკით მცხეთაში მამუკა ბახტაძის ოთხსართულიანი სახლი დატვირთა.

“კურიერის” მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ მამუკა ბახტაძემ დედას უფლება მისცა, მისი სახლი იპოთეკით დაეტვირთა და სესხი აეღო.

მოქალაქე იამზე კალანადაძისა და კიდევ ერთი პირისგან მანანა ნატიაშვილმა, ჯამში, 120 ათასი დოლარი სამი თვით ისესხა, თვეში სარგებელი თანხის 4% ანუ 4800 დოლარი უნდა გადაეხადა და ფული წლის ბოლოს უკან უნდა დაებრუნებინა.

სიუჟეტიდან ირკვევა, რომ “პრემიერის დედამ ფული უკან არ დააბრუნა, ამიტომ იპოთეკარებმა აღსრულების ბიუროს მიმართეს და 2012 წლის ზაფხულში მამუკა ბახტაძის ოჯახს მცხეთის სახლიდან ასახლებდნენ, პრემიერის სახლი იძულებით აუქციონზე გასაყიდად გაჰქონდათ. სწორედ ამ დროს დაიწყო მოქმედება მამუკა ბახტაძემ და დედას სასამართლოში უჩივლა”.