უგულავას დაპატიმრება ნიშანია, რომ მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე- ევროპარლამენტართა ჯგუფი

ევროპარლამენტართა ჯგუფი Renew Europe გიგი უგულავას დაპატიმრებას ეხმიანება. მათი თქმით, უგულავას დაკავება იმის ნიშანია, რომ მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე.

ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება მართლმსაჯულების სისტემას დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად იყენებს.

,,საქართველოს მთავრობამ უნდა შეწყვიტოს მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება დემოკრატიული ოპოზიციის გასაჩუმებლად. განახლებული ევროპის პოლიტიკური ჯგუფი ევროპარლამენტში, გმობს გიგი უგულავას მიმართ დამდგარ განაჩენს, რომელსაც 38-თვიანი პატიმრობა იმავე საქმეზე შეეფერდა, რაზეც სასჯელი უკვე მოხდილი აქვს. ეს არის ძალიან შემაშფოთებელი ნიშანი იმისა, რომ მთავრობამ ხელი აიღო დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, რადგან სასამართლო არ შეიძლება იყოს გამოყენებული პოლიტიკური ოპონენტების დასადუმებლად”,- აცხადებს პოლიტიკური ჯგუფი.

ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მოქმედებები ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს.

Renew Europe ლიბერალური, ცენტრისტული იდეოლოგიის პოლიტიკური ჯგუფია, რომლის ლიდერი რუმინეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი დაჩიან ჩოლოშია.