“ ვანოს ადგილზე დავტკბებოდი შვილებთან ყოფნით, ვიმოგზაურებდი,გავიხედავდი, გამოვიხედავდი“–სააკაშვილი მერაბიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე

მიხეილ სააკაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვანო მერაბიშვილი ციხიდან გამოსვლის შემდეგ მის ახალ შტაბს ჩაუდგება სათავეში. შეკითხვა ამის შესახებ სააკაშვილს ნიკა გვარამიამ მის გადაცემაში დაუსვა. ვანო მერაბიშვილი ციხიდან ათ დღეში გამოდის. სააკაშვილი ამბობს, რომ ჯობს ვანო მერაბიშვილმა ცოტა ხანს დაისვენოს:

“სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის დირექტორი არის დიმიტრი შაშკინი რომელიც ჩამოვა და მასთან ერთად გადავწყვეტთ ჩვენ ტექნიკურ საკითხებს. არანაირ თანამდებობას არ ითხოვს უსასყიდლოდ მუშაობს.

ამ შტაბის ხელმძღვანელი ვიქნები უშუალოდ, სუფთა იდეოლოგიურად მე და ადგილზე ეს იქნება ჰორიზონტალური სტრუქტურა.

რაც შეეხება ვანოს. ვანო მერაბიშვილს რამდენჯერმე უთხრეს, მათ შორის ციხიდან გაიყვანეს და უთხრეს: მოგვეცი ცრუ ჩვენება სააკაშვილზე და გაგიშვებთ ამ წუთში. ეს კაცი ამდენი წელი ზის იქა მხოლდო იმის გამო, რომ არ აიღო სინდისზე ხელი და არ მოიბოდიალა ტყუილები, რაც ვიღაც ვიღაცეებმა იკადრეს. ამიტომ მე მაქვს მის მიმართ პირადი ვალდებულების განცდა, თუმცა მე ვხედავ იმ შეცდომებსაც, რაც დაუშვა ვანომ. მე ვხედავ იმ გადაცდომებსაც, რაც დავუშვით ჩვენ მაშინ ამ სისტემებში და მინდა ვთქვა, რომ თუ არა ეს გადაცდომები შედარებით გაუძნელდებოდა ივანიშვილს, მარა შეიძლება ესეც არ ყოფილიყო ბოლომდე შემაკავებელი, ხელში ჩაეგდო ბოლომდე და ყველას კუთვნილი ქვეყანა ექცია პირად დუქნად.

მაქვს ჩემი პირადი ემოცია, თუმცა მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვანო ჩასვეს ციხეში სრულიად უდანაშაულოდ, იმის შემდეგ მსოფლიო შეიცვალა. მაგალითად, ვანო რომ ჩასვეს ასეთი აიფონები არ არსებობდა, იყო ნოკიები. ვანო რომ ჩასვეს არ იყო უბერი და ა.შ. ვანო რომ ჩასვეს მსოფლიო იყო სხვა. ამიტომ, მე რომ ვანოს ადგილზე ვიყო, და მე მასთან პირადი კონტაქტი არ მაქვს, დავუბრუნდებოდი ჩემს ოჯახს, მე დავტკბებოდი ჩემს შვილებთან ახლოს ყოფნით, მე ვიმოგზაურებდი ცოტას მსოფლიოში, გავახელდი თვალებს, გავიხედავდი, გამოვიხედავდი და მხოლოდ ამის შემდეგ, რაღაც პერიოდის შემდეგ მივიღებდი გადაწყვეტილებას. პირდაპირ თავით გადაშვება, იმის გათვალისწინებით, რაც მას ივანიშვილმა გაუკეთა ალბათ არ იქნება სწორი. მაგრამ მე ვანო არ ვარ და მის ნაცვლად არ ვიღებ გადაწყვეტილებებს. იმედი მაქვს მექნება საშუალება მას შევხვდე, დიდი მადლობა ვუთხრა პირადი გამბედაობისთვის, გავიხსენოთ ძველი დროები, მათ შორის შეცდომები, რომლებიც იქნა გაკეთებული, მაგრამ უნდა გავიხედოთ მომავლისკენ, და მომავალში გახედვა ნიშნავს ახალი ხალხისთვის შანსის მიცემას და არა ტრიალს ერთი და იგივე ხალხის წრეზე.“ – განაცხადა სააკაშვილმა.