ქართული ოცნების კიდევ ერთ წევრის კრიტიკა იუსტიციის საბჭოს. თბილისის საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან, ვახტანგ შაქარიშვილი იუსტიციის საბჭოს მიერ გუშინ საქალაქო სასამართლოში გამართულ გასვლით სხდომას აფასებს, რომელზეც საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნების შეჩერების შესახებ ეკა ბესელიასა და 9 დეპუტატის საკანონმდებლო ინიციატივა განიხილეს.
შაქარიშვილი “ფეიბუქზე” წერს, რომ იუსტიციის საბჭომ საზოგადოებისთვის იმიტირებული სასამართლოს მოწყობა სცადა, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ მხოლოდ საკუთარ თავს გამოუტანეს განაჩენი! განაჩენში, რომელიც აპელაციას აღარ ექვემდებარება შავით თეთრზე წერია, რომ ამ ცუდყოფილი ადამიანების ხელში სასამართლოს დატოვება არ შეიძლება! ორი ხელით ვემხრობი მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის გადავადებას. ამის საწინააღმდეგო არგუმენტები კი, არ მომისმენია, ცუდყოფილი მოსამართლეები მხოლოდ პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებდნენ და რამდენიმე ადამიანის სახელსა და გვარს იმეორებდნენ. მე დარწმუნებული ვარ, რომ სიკეთე რომელიც მოსამართლის უვადოდ გამწესებას ახლავს და მოსამართლის დამოუკიდებლობის მეტ გარანტიებს გულისხმობს, ამ ადამიანთა დიდი ნაწილის მხრიდან – ცუდ რაღაცებს რომ სჩადიოდნენ – უფრო, მათი ხელშეუხებლობის და თავხედობის გარანტიად აღიქმება და საბოლოოდ ბოროტებად გადაიქცევა! მძიმეა ამ ყველაფრის ყურება და საზოგადოების მოთმინება იწურება, გვრიტიშვილი რომ ამბობდა, დარწმუნებული ვიყავი ეკა ბესელია გაჩერდებოდაო, მინდა მას და მის ჯამაათს ვკითხო – როდის დაასრულებთ თავხედობას და საზოგადოების შეურაცხყოფას?! P.შ. ყოფილი “კაგებეშნიკები” არ არსებობენ! ყოფილი ზონდერები არ არსებობენ! ყოფილი ნაცები არ არსებობენ! ყოფილი ცუდები არ არსებობენ!, წერს საკრებულოს დეპუტატი მმართველი პარტიიდან.