ზელენსკიმ სუსლიაკის ბავშვების წასაყვანად საკუთარი ბორტი გამოგზავნა

რამდენიმე წუთის წინ ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში უკრაინის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მიკოლა კულებამ განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ამჟამად ბავშვები საგარეჯოში არიან  ხოლო მათ წასაყვანად უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკუთარი ბორტი გამოგზავნა. 

„ჩვენ გუშინ შევხვდით პროკურატურას და შსს-ს. უკრაინულმა მხარემ მოამზადა ძალიან ბევრი დოკუმენტი ბავშვების მეურვეობასთან დაკავშირებით. მადლობა მინდა გადავუხადო ქართულ მხარეს, რადგან არსებობს ეჭვი, რომ ქალბატონი სუსლიაკი ტრეფიკინგშია ბრალდებული. ამის საფუძველი არსებობს, რადგან არის მასალები, სადაც დედა ბავშვებს კარგად არ უვლიდა, 1 ბავშვი დაეღუპათ რუსეთში, 6 არის სუროგაციის გზით გაჩენილი, 1 არის ამერიკის მოქალაქე. იულია სუსლიაკი საქართველოს მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე მათ გადაყვანას აპირებდა. გამოძიება უკრაინაშიც ტარდება და ყველა გარემოებას შეისწავლის. გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, ვინ გადაიხადა სუროგაციის თანხა და ვინ იყო შუამავალი. როდესაც გაირკვევა, ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება. მთავარი ამოცანაა, რომ ბავშვები დაბრუნდნენ უკრაინაში და იცხოვრონ ერთ ოჯახში, ასევე მოხდეს მათი რეაბილიტაცია. ჩატარდება კონსულტაციები საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. თუ იულია სუსლიაკი დამნაშავეა, სასჯელი უნდა მოიხადოს, თუ არა – უნდა გათავისუფლდეს. ბავშვების გადაყვანა უკრაინაში დღესვე იგეგმება“, – განაცხადა კულებამ.

იულია სუსლიაკი ზუგდიდში დააკავეს. ის საქართველოს ტერიტორიაზე უკრაინიდან ათ არასრულწლოვან ბავშვთან ერთად ჩამოვიდა. გამოძიების ინფორმაციით, ქალი ბავშვებს, რომელსაც საკუთარ შვილებად ასაღებდა ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას და სავარაუდოდ, გაყიდვას უპირებდა.

გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებული იულია სუსლიაკის თანმხლებ ათ ბავშვს უკრაინულ მხარეს გადასცემენ. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. გადაწყვეტილება საგამოძიებო უწყებამ, უკრაინულ დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ მიიღო.