პოეტ ზვიად რატიანის ცემის საქმეზე “ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს მიმართავს.
“საქმე ეხება, 2017 წლის 23 დეკემბერს, თბილისში, პოლიციის მიერ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ დაკავებასა და მის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ეპიზოდს. საქმეზე გამოძიებას პროკურატურა ერთ წელზე მეტია არაეფექტიანად და უშედეგოდ აწარმოებს. ზვიად რატიანი უთითებს პოლიციელთა მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის სამ ეპიზოდზე, კერძოდ: დაკავების დროს, პოლიციის განყოფილებაში გადაყვანისას და დროებითი მოთავსების იზოლატორში შესახლებამდე – პოლიციის მანქანაში. შედეგად, ზვიად რატიანმა მიიღო სხეულის თერთმეტი დაზიანება, მათ შორის, თავისა და სახის არეში.
საქმეში არსებული მტკიცებულებები, მათ შორის, დროებითი მოთავსების იზოლატორში შედგენილი ვიზუალური დათვალიერების ოქმი, სამედიცინო შემოწმების დასკვნები და ინციდენტის ადგილის მიმდებარედ დამონტაჟებული ვიდეო-ჩანაწერები, მიუთითებს, რომ ზვიად რატიანმა დაზიანებები სწორედ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნისას მიიღო. ასეთ შემთხვევაში, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფოს ეკისრება ტვირთი წარმოადგინოს დამაჯერებელი განმარტება დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით. აღნიშნული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად საქმეში მოიპოვება მხოლოდ ინციდენტში მონაწილე პოლიციელის ჩვენებები, რომლებიც ზვიად რატიანის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევაზე უთითებენ. თუმცა, ზვიად რატიანისთვის მიყენებული დაზიანებების, და პოლიციელთა რაოდენობების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არ არის წარმოდგენილი სათანადო დასაბუთება, ძალის გამოყენების პროპორციულობასა და აუცილებლობასთან დაკავშირებით.
სავარაუდო არასათანადო მოპყრობის საქმეზე პროკურატურის მიერ დაწყებული გამოძიება დღემდე არაეფექტიანად და უშედეგოდ მიმდინარეობს. მიუხედავად საკმარისი საფუძვლის არსებობისა, ბრალი არ წაყენებია ინციდენტში მონაწილე არცერთ პოლიციელს. ამასთან, გამოძიების პროცესში გამოვლინდა არსებითი ხასიათის ხარვეზები. ზვიად რატიანს არაერთხელ თვითნებურად ეთქვა უარი დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული დაზიანებების მიყენებისა და ზვიად რატიანის დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსების დაყოვნების მიზეზები. პრობლემურია სადავო ქმედების კვალიფიკაციის საკითხიც, რადგან გამოძიება მხოლოდ პოლიციის მიერ შესაძლო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარეობს, მაშინ როდესაც საქმესთან დაკავშირებით არსებული ინფორმაცია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე მიუთითებს.
გარდა უკვე წარდგენილი საჩივრისა, ეროვნული მექანიზმების სრულად ამოწურვის შემდეგ, EMC ზვიად რატიანის სახელით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში ასევე იდავებს პირადი ცხოვრების უფლების დარღვევასთან დაკავშირებით, რაც პოლიციის მხრიდან მისი დაკავებისას ვიდეო ჩანაწერების უკანონო გადაღებას და შემდგომში მის გავრცელებას უკავშირდება”-აღნიშნულია განცხადებაში.
ორგანიზაცია იმედს გამოთქვამს, რომ რატიანის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი იქნება დაუსჯელობის პრაქტიკის წინააღმდეგ საქართველოში.
შეგახსენებთ,2017 წლის 23 დეკემბერს პოეტი ზვიად რატიანი პოლიციელებმა დააკავეს. რატიანის თქმით, სამართლადამცველების გაღიზიანება მისმა ნარინჯისფერმა ქურთუკმა გამოიწვია. რატიანის განცხადებით, ის სამართალდამცავებმა ჯერ გააჩერეს, შემდეგ კი განყოფილებაში გადაიყვანეს და სცემეს.