ვარლამ გოლეთიანი აცხადებს რომ მაჩალიკაშვილი აქციიდან არ გაუძევებიათ და ეს ინფორმაცია იყო სპეკულაცია

რიონის ხეობის მცველების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, რომ ის რიონის ხეობის მცველებმა აქციიდან გააძევეს, არის სიცრუე და სპეკულაციას უწოდებს. ის ასევე აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით, მან დაურეკა მალხაზ მაჩალიკაშვილს, გააცნო “რიონის ხეობის მცველების” პოზიცია და მომხდარ გაუგებრობასთან დაკავშირებით ბოდიში მოუხადა.

“ინტერნეტ სივრცეში ისტერიულად ვრცელდება ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ რიონის ხეობის მცველებმა ბატონი მაჩალიკაშვილი აქციიდან გააძევეს, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი და არანაირი კავშირი ამ ყველაფერთან არ გვაქვს.ზოგადად, აქ მოსვლას რაც შეეხება არავისთვის აკრძალული არ არის. თუ რამე დაპირისპირება მოხდა, ჩვენ ყველანაირ დაპირისპირებას ისედაც ვემიჯნებით. გამომდინარე აქედან არ გვინდა, ამ თემას შემდეგი გაგრძელებები მოჰყვეს ინტერნეტსივრცეში, რომ თითქოს ჩვენ დაპირისპირება გვაქვს ამა თუ იმ ადამიანთან და გვინდოდა ამასთან დაკავშირებით გაგვეკეთებინა განცხადება, რომ აღარ იყოს სპეკულაცია”, – განაცხადა გოლეთიანმა.