შეჩერდეს საქართველოს ფინანსური დახმარება, შეიზღუდოს მხარდაჭერა – ევროპარლამენტარები

ევროპარლამენტარი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც მწუხარებას გამოთქვამენ იმის გამო, რომ საქართველოს პოლიტიკური ლიდერები ვერ შეთანხმდნენ კრისტიან დანიელსონის შუამავლობით. ისინი განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ქართულ ოცნებას აკისრებენ.

”ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოში პოლიტიკური ლიდერების გამო, რადგან მათ ვერ შეძლეს შეთანხმების მიღწევა წინა სამშაბათს, მიუხედავად ევროკავშირის უდიდესი ძალისხმევისა, რათა დასრულებულიყო პოლიტიკური კრიზისი. ეს შედეგი მმართველი პარტიისა და ოპიზიციური პარტიების ბრალია, თუმცა განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება ქართულ ოცნებას.

ჩვენ მხარს ვუჭერთ კრისტიან დანიელსონის დაუღალავ მუშაობას და მივესალმებით მისი წინადადების გამოქვეყნებას, რამაც კიდევ უფრო გაზარდა მედიაციის პროცესის გამჭვირვალობა. აუცილებელია პოლიტიკურ აქტორებს შორის ნდობის გაღრმავება. ამ წინადადების შინაარსი ნამდვილად სწორი გზაა საქართველოსთვის: საარჩევნო და სასამართლო ამბიციური რეფორმები, პარლამენტში პასუხისმგებლობის მნიშვნელოვანი განაწილება და, რაც მთავარია, მომავალი არჩევნებისა და პოლიტიზებული მართლმსაჯულების ორი საქმის გადაწყვეტა.

ეს გამოსავალი პოლიტიკურად დაბალანსებულია და პატივს სცემს როგორც კანონის უზენაესობას, ისე 2020 წლის არჩევნების საერთაშორისო შეფასებას. ჩვენ ასევე მივესალმებით ევროპარლამენტის მხარდაჭერით დიალოგის პროცესის იდეას, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია ამის საშუალებას მოგვცემს”,– წერია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ისინი ითხოვენ, შეჩერდეს საქართველოს მომდევნო დაფინანსება და ასევე, შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა.

“პოლიტიკური პარტიების მიერ კომპრომისის მიღწევაზე უარის თქმის შემდეგ, საქართველოს პოლიტიკური ლიდერები არ უნდა ელოდონ ევროკავშირთან ძველებურად საქმის გაგრძელებას. ევროპარლამენტი, კერძოდ, მოუწოდებს, რომ დადგეს შედეგები ევროკავშირის ფინანსური დახმარების თვალსაზრისით, მათ შორის როგორც მომდევნო გადახდის შეჩერების, ისე იმ პირობების გამკაცრების მხრივ, რაც ევროკავშირის მხრიდან მაკროსაფინანსო დახმარების პროგრამებსა და საბიუჯეტო მხარდაჭერას უკავშირდება.

გარდა ამისა, უნდა შეიზღუდოს პოლიტიკური მხარდაჭერა და უმაღლესი დონის შეხვედრები როგორც ხელისუფლების წარმოდგენლებთან, ისე ოპოზიციის ლიდერებთან, რომლებიც არიან პასუხისმგებელნი მოლაპარაკების ჩაშლაზე, ვიდრე ისინი არ მოახდენენ კომპრომისათვის რეალური მზაობის დემონსტრირებას საკუთარი მოქალაქეებისა და თავისი ქვეყნის მომავლის ინტერსებიდან გამომდინარე”,– აცხადებენ ისინი.

7 ევროპარლამენტარი ხელისუფლებას რეფორმების განხორციელებისკენ და დაუყოვნებლივი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. მათი თქმით, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობას საფრთხე ემუქრება.

“საქართველოს პარლამენტში მიმდინარე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მიღება მოითხოვს ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და ეუთო/ოდირისა და ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულად შესრულების. ეს რეფორმები გასაღებია ნდობის აღსადგენად. ჩვენ მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, უზრუნველყოს ჭეშმარიტად ინკლუზიური პროცესი, რათა თავიდან იქნას აცილებული როგორც მომავალი არჩევნების და სასამართლო სისტემის შემდგომი შელახვა, ასევე მომავალში შეთანხმების კარის ზედმეტად დახურვა.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ლიდერებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები. საფრთხე ემუქრება ევროკავშირსა და საქართველოს ურთიერთობის მომავალს”,– წერია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერს შვიდი ევროპარლამენტარი:

დევიდ მაკალისტერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე და დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინაციის ჯგუფის თანათავმჯდომარე;

მარინა კალიურანდი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი;

ანდრიუს კუბილიუსი (ევროპის სახალხო პარტია, ლიეტუვა), Euronest-ის საპარლამენტო ასამბლეაში დელეგაციის ხელმძღვანელი;

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი (მწვანეები, გერმანია), დემოკრატიის მხარდაჭერის და არჩევნების კოორდინირების ჯგუფის წამყვანი წევრი საქართველოს განხრით

სვენ მიკსერი (სოციალისტები & დემოკრატები, ესტონეთი), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი საქართველოს საკითხში

მიხაელ გალერი (ევროპის სახალხო პარტია, გერმანია), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი უკრაინის საკითხში

პიატრას აუშტრიავიჩიუსი (RENEW, ლიეტუვა), ევროპის პარლამენტის მოქმედი მომხსენებელი ბელარუსის საკითხში.