კორონავირუსმა 90–ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. როგორია ბოლო მონაცემები

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით Covid-19–ის ეპიდემიამ უკვე 90–ზე მეტი ქვეყანა მოიცვა. დაავადების შემთხვევები აღინიშნა სერბეთში, სლოვაკეთში, ვატიკანში, პარაგვაიში, პერუში, კამერუნსა და ტოგოში. კამერუნი პირველი ქვეყანაა ცენტრალურ აფრიკაში, სადაც კორონავირუსით დაავადების შემთხვევა დაფიქსირდა.

ნიუ იორკში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ნიუ იორკის გუბერნატორმა, ენდრიუ კუომომ შტატში საგანგებო მდგომარეობა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც ბოლო დღე–ღამის განმავლობაში დარეგისტრირებულ შემთხვევათა რიცხვი თითქმის გაორმაგდა. გუბერნატორის თქმით მთლიანობაში შტატში 76 შემთხვევაა დაფიქსირებული, აქედან 11 უშუალოდ ნიუ იორკში.

შტატის ჯანდაცვის უწყებამ ვირუსის გამოვლენისთვის „აგრესიული შემოწმება„ დაიწყო და პრევენციული ზომის სახით ათობით ადამიანი იძულებით კარანტინში მოათავსა. გუბერნატორი ამბობს, რომ მასირებული კარანტინი ინფექციის გავრცელების შენელების საუკეთესო გზაა.

იტალიაში სიკვდილიანობის შემთხვევები მკვეთრად გაიზარდა. ბოლო დღე–ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 1200–ით მოიმატა. ეს ყველაზე დიდი ზრდაა მას შემდეგ, რაც ორი კვირის წინ პირველი შემთხვევები დაფიქსირდა. ვირუსის შედეგად უკვე 233 ადამიანი გარდაიცვალა და ეს იმ ფონზე, როცა ქვეყანაში რადიკალურ ზომებს იღებენ: დახურულია სკოლები, კინოთეატრები, გადაიდო საჯარო ღონისძიებები.

ვირუსით დაინფიცირდა იტალიის მმართველი კოალიციის წევრი დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ლაციოს მერი ნიკოლა ძინგარეტი. პარასკევს იტალიის ხელისუფლებამ მოიწონა გეგმა სიტუაციის გასაკონტროლებლად დამატებით 20 ათასი ექიმის და ექთნის მობილიზების შესახებ.


“ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ, თუ ჩვენი მოქალაქეები პასუხისმგებლობას გამოიჩენენ და ცხოვრების წესს შეიცვლიან“– განაცხადა სამოქალაქო თავდაცვის სამსახურის უფროსმა ანჯელო ბორელიმ და აღნიშნა, რომ რეანიმაციაში მოხვედრილთა რიცხვი 567 –მდე გაიზარდა, სრულიად გამოჯანმრთელებულთა რიცვი კი 589–მდე. გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 81 წელია. ეს არიან ძირითადად მამაკაცები, რომელთა 80%–ს სხვა დაავადებებიც ქონდათ.

იტალიის ხელისუფლება შიშობს, რომ კორონავირუსი ქვეყნის ეკონომიკის რეცესიას გამოიწვევს.

ბრიტანეთში პარასკევს კორონავირუსის 48 ახალი შემთხვევა გამოვილინდა. ეს იყო ყველაზე მკვეთრი ზრდა ვირუსის გავრცელების დღიდან. დაავადებულთა რიცხვი 163 –ს აღწევს.

ოფიციალურად დადასტურებულია, რომ ერთი პაციენტი გარდაიცვალა ვირუსით გამოწვეული გართულებებით: 82 წლის მამაკაცი ქალაქ მილტონ კინსის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მანამდე ინფექციით 70 წლის ქალი გარდაიცვალა, რომელსაც პარალელურად ქრონიკული დაავადებებიც ქონდა. ჯამში ბრიტანეთში ორი ადამიანია გარდაცვლილი. ავიაკომპანია British Airways– მა განაცხადა, რომ სატვირთო განყოფილების ორ თანამშრომელს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ისინი იზოლირებულები არიან.

მთელ მსოფლიოში დაავადებულთა რიცვმა 100 ათასს გადააჭარბა, აქედან 20 000–ს ჩინეთის ფარგლებს გარეთ. სულ 3400 გარდაცვალების შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 3000 ჩინეთში.

პარასკევს ვატიკანმა მის ტერიტორიაზე პირველი დაავადებულის შესახებ განაცხადა. რომის პაპმა ტრადიციული განაცხადა, რომ ტრადიციული საკვირაო მესა ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე არ გაიმართება, არამედ პირდაპირი ტრანსლაცია მოხდება, რათა ხალხმრავლობით გაზრდილი დაინფიცირების რისკი თავიდან აიცილონ. პაპი აუდიენციებსაც 15 მარტამდე ონლაინ რეჟიმში ჩაატარებს.


თავად ჩინეთში ბოლო კვირების მანძილზე პირველად ბოლო დღე–ღამის განმავლობაში დაავადებულთა რიცხვი 100–ზე ნაკლები იყო.

ფილიპინები, რომლის მოსახლეობა 100 მილიონია, საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად ემზადება. პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება მოიწონა. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ჯერ სულ ექვსი ინფიცირებულია, ხელისუფლებას ადგილობრივ თემში ვირუსის გავრცელების ეშინია.

ირანმა კორონავირუსით დაავადების 6 000 შემთხვევის შესახებ განაცხადა, საიდანაც 145 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა. მხოლოდ ბოლო ერთი დღის განმავლობაში იქ 21 ადამიანი გარდაიცვალა. ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები შიშობენ, რომ რეალური ციფრები შესაძლოა ბევრად მეტი იყოს. ირანში კორნავირუსით უკვე მეორე პარლამენტის წევრი გარდაიცვალა.

ვირუსი დაფიქსირდა სერბეთშიც. ის ბუდაპეშტიდან დაბრუნებულ 43 წლის მამაკაცს აღმოაჩნდა. 52 წლის ინფიცირებული მამაკაცი დაფიქსირდა სლოვაკეთშიც, რომელიც თავად არსად ყოფილა, თუმცა მისი შვილი ცოტა ხნის წინ ვენეციას სტუმრობდა.

ჩეხეთში 12 ადამიანია ინფიცირებული, რომელთაგან ყველა ასე თუ ისე იტალიის ჩრდილოეთით სტუმრობას უკავშირდება.

გარდაცვალების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა ნიდერლანდებში. როტერდამის საავადამყოფოში 86 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. სულ ქვეყანაში კორონავირუსით დაინფიცირების 128 შემთხვევაა.


საფრანგეთში დაავადებულთა რიცხვი 613–ს აღწევს. ცხრა ადამიანი კი გარდაიცვალა. 39 რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ქვეყანაში დაიხურა 150 სკოლა. ხელისუფლებამ ზღვრული ფასი – 3 ევრო დააწესა 100 მლ. ანტიბატერიულ ხელსაბან გელზე.

ეგვიპტის ჯანდაცვის სამინისტრომ 12 ინფიცირებულის შესახებ განაცხადა. ვიეტნამში კი 18 ინფიცირებულია.

ვაშინგტონის შტატში, სიეტლის შემოგარენში ოფიციალური მონაცემებით დაავადების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. სულ შტატში 70 ინფიცირებულია. ცხრა ადამიანი, რომელიც აშშ–ში კორონავირუსით დაიღუპა, ერთი და იგივე მოხუცებულთა თავშესაფარში ცხოვრობდნენ, რომელიც სიეტლის გარეუბანში მდებარეობს. ამჟამად  გამოძიება მიმდინარეობს, რამდენად სწორად იცავდა პერსონალი სანიტარულ–ჰიგიენურ ნორმებს.

ამ ქალაქში რამდენიმე მსხვილმა ფირმამ, როგორებიც არიან Microsoft და Amazon ოფისები დახურა და თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდა.

დაახლოებით 200 ადამიანია კარანტინში როდ აილენდის შტატში. შტატის ერთ–ერთი სკოლის მოსწავლეები ცოტა ხნის წინ იტალიაში იმყოფებოდნენ. დაბრუნების შემდეგ სამ მოსწავლეს კორონავირუსის დიაგნოზი დაუსვეს.
თეთრმა სახლმა აღიარა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოსტიკისთვის საჭირო საშუალებები არ ყოფნით.