“არ წყდება მცდელობა საკითხის პოლიტიზირების, რაც არის აბსოლუტურად მიუღებელი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს, მხოლოდ ამის შემდგომ უნდა გავაკეთოთ ჩვენ საბოლოო დასკვნები”,– ასე ეხმაინება პრემიერი გახარია მელაშვილისა და ილიჩოვას დაკავებას.
მისი თქმით, საკითხი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი სახის პოლიტიზირება და პოლიტიკური სახის სპეკულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით დამაზიანებელია ქვეყნისთვის.
“ამიტომ არის აბსოლუტურად მიუღებელი და დაუშვებელი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აზერბაიჯანი არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ასე გაგრძელდება ნებისმიერ შემთხვევაში. სწორედ ამიტომ, მინდა ვთქვა, რომ ვერც გამოძების დაწყების ფაქტი, რომელიც სრულად საქართველოს საშინაო საქმეებს ეხება და ვერც გამოძიების შედეგად ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც ჩვენ უკვე გავუზიარეთ ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს, ვერ დააზიანებს ჩვენ ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობას.
მინდა მოვუწოდო ყველას, არ მოვახდინოთ საკითხის პოლიტიზირება, ეს არის ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.” – ამბობს გახარია.
გუშინ, 7 ოქტომბერს საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ექსპერტთა საბჭოს უფროსი, ივერი მელაშვილი და საბჭოს წევრი, ნატალია ილიჩოვა დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი საქართველოს საზიანოდ მონიშნეს და “საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს”.
მათ პროკურატურა ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენს.