“ევროკავშირი შეიძლება მანამ გაქრეს, სანამ იქ უკრაინა შევა“–მედვედევი

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი ვარაუდობს, რომ ევროკავშირი მანამ დაიშლება, სანამ მის შემადგენლობაში უკრაინა შევა. ამის შესახებ მედვედევმა საკუთარ ტელეგრამ არხზე დაწერა.

რუსეთის ექს–პრეზიდენტი თვლის, რომ სიტუაცია ევროკავშირში უკრაინის მიღებასთან დაკავშირებით საბჭოთა კავშირში კომუნიზმის შენებას გავს.

„შემდგომში ისე იქნება, როგორც კომუნიზმის შენება. თარიღი ჯერ არ დასახელებულა, სამაგიეროდ ბევრი შეუმოწმებელი აბსტრაქტული პირობაა ჩამოთვლილი. მათი ობიექტური ვერიფიკაცია შეუძლებელია. მათ ათწლეულობის მანძილზე შეამოწმებენ. თანაც, ევროკავშირის ხელმძღვანელთა ახალი თაობები. შესაბამისად, რეალური ვადა – ასწლეულის შუა პერიოდია. უფრო ადრე არა.  მაგრამ ხომ შეიძლება საბჭოთა კავშირის ბედი გამეორდეს? კომუნიზმი იქნებ დამდგარიყო კიდევაც, თავად საბჭოთა კავშირი რომ არ დაშლილიყო. მაგრამ სამწუხაროდ კავშირი მოკვდა. ხვდებით, რას მივანიშნებ? (ხეზე ვაკაკუნებ)და იქნებ იმ დროისთვის ევროკავშირი გაქრეს კიდევაც? წარმოდგენაც კი მეშინია, რა სკანდალი იქნება – ევროკავშირში შესასვლელად ხომ ამხელა მსხვერპლი გაიღეს და რამხელა იმედგაცრუება ელით უბედურ უკრაინელებს. “–წერს მედვედევი.

მედვედევმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ აზრის გამოთქმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც მიუნხენის კონფერენციის ხელმძღვანელმა, კრისტოფერ ჰოისგენმა მას კლოუნი უწოდა.