ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა განცხადებას, მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ.ამის შესახებ განცხადებას ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

“ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება მივიღე. რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ხელი მოვაწერე დეკლარაციას პირველი საათიდან ყარაბაღში ომის შეწყვეტის შესახებ. დეკლარაციის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდა უკიდურესად მტკინეულია პირადად ჩემთვის და ჩემი ხალხისთვის. ეს გადაწყვეტილება არსებული სიტუაციის ღრმა ანალიზის საფუძველზე მივიღე. ასევე, რწმენით, რომ ეს საუკეთესო შესაძლო შედეგია. ამ ყველაფრის შესახებ უახლოეს დღეებში მივმართავ ერს. ეს არ არის გამარჯვება, მაგრამ დამარცხებაც არ არსებობს, სანამ საკუთარ თავს არ თვლი დამარცხებულად. ჩვენ თავს არასოდეს ვცნობთ დამარცხებულებად და ეს უნდა გახდეს ჩვენი ეროვნული ერთიანობის ამოსავალი წერტილი”, – აცხადებს ფაშინიანი.

როგორც ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს,მიღებული გადაწყვეტილება არც გამარჯვებაა და არც მარცხი.

“ჩვენ საკუთარ თავს დამარცხებულს ვერასდროს ვაღიარებთ და ეს უნდა იყოს ჩვენი ეროვნული ერთიანობის, აღორძინების ეპოქის დასაწყისი. ჩვენ უნდა გავაანალიზოთ ჩვენი დამოუკიდებლობის წლები, რათა დავგეგმოთ ჩვენი მომავალი და არ გავიმეოროთ წარსულის შეცდომები”, -განაცხადა მან.