ევროდეპუტატები ივნიშვილის სანქცირებას ითხოვენ – EU-ს საგარეო კომიტეტის ანგარიში

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტმა 53 ხმით, 14-ის წინააღმდეგ, საქართველოს, როგორც კანდიდატი ქვეყნის შესახებ რიგით მეორე კრიტიკული ანგარიში მიიღო, რომელიც პლენარულ სხდომაზე კენჭისყრაზე ივნისის შუა რიცხვებში გავა.

ანგარიში მოითხოვს დაუყოვნებლივი პერსონალური სანქციების დაწესებას ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრებისა და კომპანიების წინააღმდეგ.

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის ქვეყანებს, მიიღონ კოორდინირებული შემზღუდავი ზომები ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკოსის, ოფიციალური პირისა და ხელშემწყობის წინააღმდეგ. ეს მოიცავს სანქციების სიების გაფართოებას, აქტივების გაყინვას და სავიზო აკრძალვებს მათთვის, ვინც პასუხისმგებელია სახელმწიფოს მიტაცებაზე, რეპრესიებსა და რეჟიმის მიერ დაფინანსებულ პროპაგანდაზე.

ანგარიში კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროპარლამენტის პოზიციას, რომ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა; დოკუმენტი გმობს „ქართული ოცნების“ სრული ავტორიტარიზმისკენ სვლას; ხაზს უსვამს დემოკრატიულ უკუსვლას, პოლიტიკურ რეპრესიებს, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების შევიწროებას, მათ შორის, „ოცნების“ მიერ მიღებული შემზღუდავი კანონებით; დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობაზე, სამართალდამცავების მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებაზე, მომიტინგეებისა და დაკავებულების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე.
ანგარიში მოუწოდებს საქართველოს სახელმწიფოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ, რადგან ასეთი პატიმრების არსებობა შეუთავსებელია ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან.

დოკუმენტში ხაზს უსვამს, რომ საქართველო კვლავ არაა თანხვედრაში რუსეთის, ბელარუსისა და ირანის წინააღმდეგ დაწესებული ევროკავშირის სანქციების აბსოლუტურ უმრავლესობასთან, ხოლო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზიდან გადახვევის შემდეგ, „ოცნება“ ჩინეთთან, რუსეთთან და ირანთან თანამშრომლობისკენ ისწრაფვის;

საბოლოოდ, ევროპარლამენტარები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის თანამშრომლობა საქართველოსთან, მკაცრად უნდა იყოს დამოკიდებული ხელისუფლების მიერ ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული კურსის შეცვლაზე.