რა განჩინება მიიღო წმინდა სინოდმა კორონავირუსის გავრცელების საპასუხოდ

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოველად მიუღებელია. ეკლესია ზიარების წესის შეცვლას არ აპირებს.

სინოდის აზრით, COVID 19-ის გავრცელების მთავარი მიზეზია თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორება.

,,ახალმა ვირუსმა ადამიანები მორიგი დიდი გამოცდის წინაშე დააყენა, რაც პასუხის გაცემას გულისხმობს. პირველ რიგში, გვმართებს გავაცნობიეროთ ამ მოვლენის სულიერი მიზეზები, მთავარი მიზეზი კი, თანამედროვე ადამიანის ღვთისგან დაშორებაა, განსაცდელები არ არის შემთხვევები არამედ ღმერთის დაშვებით მოევლინება ადამიანს, რათა უფრო მეტად შეიცნოს საკუთარი თავი”,- წერია სინოდის განჩინებაში.

წმინდა სინოდმა კორონავირუსთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია გასცა.

,,ყველა ეკლესიასა და მონასტერში ღვთისმსახურება ჩატარდება მარხვის ტიპიკონისა და ეკლესიის წეს-განგების სრული დაცვით. სასურველია, ყველა მოქმედ ტაძარში და მის გარეთ დამონტაჟდეს გამოხმოვანების საშუალებები, რათა მრევლმა ღია სივრცეშიც შეძლოს ლოცვაზე დასწრება.

ზიარების შემდგომ მცირე რაოდენობით დასაყოლებელი სასმელის მიღება დასაშვებია სხვადასხვა ჭურჭლით. რისკჯგუფში მყოფ ადამიანებს და თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფთ, ან ინფიცირებულს, სურვილის შემთხვევაში სამღვდელოება ადგილზე მოემსახურება”,- ნათქვამია წმიდა სინოდის 20 მარტის განჩინებაში, რომელიც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ წაიკითხა.

სინოდი მოსახლეობას მოუწოდებს, სანამ ვირუსი გავრცელებულია, ყოველდღე ლოცვები წაიკითხონ.