სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.

გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საველე ჰოსპიტალების შექმნა გახდეს საჭირო.

მისი თქმით, სიკვდილიაობის პროცენტი მთელს მსოფლიოში საგანგაშოდ მომატებულია. მსოფლიო და მათ შორის, საქართველო, ახლა უხილავ ომშია და თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული, რა იქნება მომავალში.

,,ყველაფერი შესაძლებელია, ჩვენ ომში ვართ დღეს, ეგეთი პანდემია 1918 წლის შემდეგ არ ახსოვს მსოფლიოს. ის ღორის გრიპი არ შეედრება ამას. სიკვდილიანობა ბევრად მეტია. თუ დასაწყისში ჩინეთში სიკვდილიანობის პროცენტი ორსა და სამს შორის მერყეობდა, დღეს ხუთსა და ექვსს შორის მერყეობს. ზოგიერთ ქვეყნებში ისეთი ძლიერი ჯანდაცვის სისტემით, იტალია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, 10 და 12 პროცენტს შორის სიკვდილიანობა. სადაც ძალიან განვითარებული რეანიმაციული სამსახურები აქვთ, სადაც ძალიან განვითარებული ჯანდაცვის სისტემებია, სადაც ჩვენ ვერ შევედრებით. ვერ შევედრებით ჩვენ ბრიტანეთის და საფრანგეთის ჯანდაცვის სისტემას.

ლოქდაუნი გვაქვს ჩვენ, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებულ ქვეყანაში. სრულ კარანტინამდე ერთი ნაბიჯია დარჩენილი.“ – ამბობს ამირან გამყრელიძე.

მან მოსახლეობას მოუწოდა, არ წავიდნენ ეკლესიაში და სახლიდან ილოცონ.

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ტიკარაძემ განაცხადა, რომ თუ მომდევნო ორ კვირაში 2000 ინფიცირებული იქნება ქვეყანაში, სრული, მკაცრი კარანტინი გამოცხადდება. 

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 306 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 74 გამოჯანმრთელდა, 3 გარდაიცვალა.