სი ძინპინმა ტრამპი გააცილა, შემდეგი პუტინია. რით დასრულდა აშშ-ის პრეზიდენტის ვიზიტი ჩინეთში

ამერიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ჩინეთში ბოლო 9 წლის განმავლობაში იმით დასრულდა, რისთვისაც იყო წამოწყებული: მყიფე მშვიდობით პლანეტის ორ მთავარ სახელმწიფოს შორის.

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა დონალდ ტრამპი პეკინში დიდი ზარ-ზეიმით მიიღო, მას თანასწორივით ესაუბრა და კიდეც დაემუქრა. ის არ აჩქარებულა ამერიკის დასახმარებლად მის მთავარ მტერთან — ირანთან — ბრძოლაში, ხოლო როგორც კი ტრამპი გაფრინდა, სი უკვე აშშ-ის კიდევ ერთი მეტოქის, რუსეთის ლიდერ ვლადიმირ პუტინის, მისაღებად მზადებას შეუდგა.

ექსპერტები წინასწარ ამბობდნენ, რომ ტრამპის ჩინეთში ვიზიტისგან კონკრეტულ შედეგებს არ უნდა დალოდებოდნენ. საკმარისი იქნებოდა ისიც, რომ პლანეტის ორი უდიდესი ეკონომიკისა და არმიის ლიდერები ერთმანეთს შეხვდებოდნენ და მშვიდობიანად დაშორდებოდნენ.

საბოლოოდ ასეც მოხდა. ტრამპმა და სიმ ერთმანეთს კომპლიმენტები გაუცვალეს, ხოლო მათმა დიპლომატებმა დახურული მოლაპარაკებების შედეგები გაახმოვანეს. თუ ამ შედეგებს კონტექსტის გარეშე წავიკითხავთ, შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ტრამპი და სი თარჯიმნის გარეშე საუბრობდნენ და თითოეულმა მხოლოდ საკუთარი თავი გაიგონა და გაიგო – იმდენად რადიკალურად განსხვავდება ჩინური და ამერიკული ვერსიები იმის შესახებ, რაზე ისაუბრეს მათ.

ჩინური მხარე ამტკიცებს, რომ სიმ ტრამპთან განიხილა, როგორ იცვლება გეოპოლიტიკა ცვალებად სამყაროში – რაც ჩინური, მოჭარბებულად დიპლომატიური ფორმულირებაა თეზისისა, რომ ამერიკა აღარ არის ჰეგემონი და ჩინეთი მასთან თანასწორია – ასევე ტაივანის საკითხი.

ამერიკელები კი ამტკიცებენ, რომ ტრამპი საუბრობდა იმაზე, როგორ დაეხმარება ჩინეთი აშშ-ს ტრამპის მიზნების მიღწევაში: ჩინური ინვესტიციების გაზრდა ამერიკაში, აშშ-დან მეტი ნავთობისა და გაზის შეძენა, ამერიკაში ნაკლები ფენტანილის შეტანა, ამერიკული კომპანიებისთვის ჩინურ ბაზარზე წვდომის გაფართოება და  რაც მთავარია  ირანის დარწმუნება, მოხსნას ჰორმუზის სრუტის ბლოკადა და უარი თქვას ბირთვული ბომბის შექმნის იდეაზე.

ტაივანზე ამერიკელებს საერთოდ არაფერი უთქვამთ, მაშინ როცა სიმ თავიდანვე ცხადად მიანიშნა, რომ კომუნისტური ჩინეთისთვის დემოკრატიული ჩინური კუნძულის საკითხს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს. ტრამპთან შეხვედრამდეც კი სიმ ფსონები გაზარდა და პირველად დაემუქრა ამერიკას ომით, თუ რამე არასწორად წავიდოდა.

„სი ძინპინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტაივანის საკითხი, ალბათ, ჩინეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი დღის წესრიგის ყველაზე საკვანძო თემაა, — განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. — თუ ამ საკითხს არასწორად მიუდგებიან, ორი ქვეყანა შეიძლება ერთმანეთს შეეჯახოს და კონფლიქტშიც კი შევიდეს.“

ტრამპს სის მუქარაზე პასუხი არ გაუცია, ხოლო ცოტა მოგვიანებით სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ის პოზიცია არ შეცვლილა. ამერიკა აღიარებს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და არ უჭერს მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ჩინეთი დიდი ხანია ცდილობს, რომ აშშ-მ ფორმულირება „არ უჭერს მხარს“ შეცვალოს სიტყვებით — „ეწინააღმდეგება“.

მიუხედავად იმისა, რომ სამიტის შედეგები ჩინური და ამერიკული ვერსიებით ორი სრულიად განსხვავებული შეხვედრის ანგარიშს ჰგავს, მთავარი ის არის, რომ არცერთი მხარე მეორეს არ ეწინააღმდეგება და არც ცდილობს, უარყოს მისი ინტერპრეტაცია, აღნიშნავს რაიან ჰასი, თეთრი სახლის ყოფილი ჩინეთის სპეციალისტი, რომელიც ბარაკ ობამას სი ძინპინთან რამდენიმე შეხვედრაზე ახლდა 2014–2016 წლებში.

„ის ფაქტი, რომ მხარეებმა შეხვედრა ასე განსხვავებულად აღწერეს, მიუთითებს იმაზე, რომ ისინი შეგნებულად აძლევენ ერთმანეთს შესაძლებლობას, საკუთარი პრიორიტეტები გამოკვეთონ. როგორც ჩანს, ეს კეთდება ურთიერთობებში სტაბილურობის გასამყარებლად — სტაბილურობისა, რომლისკენაც ორივე ლიდერი ისწრაფვის“, — წერს ჰასი, რომელიც ახლა ამერიკული Brookings Institution-ის ექსპერტია.

ამავე ტონით გამოვიდა სი ტრამპთან ბანკეტზე.

„ჩვენ ერთსულოვნად მიგვაჩნია, რომ ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები დღევანდელ მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი ურთიერთობებია. ისინი უნდა გაუმჯობესდეს და არა განადგურდეს. თანამშრომლობით იგებენ ჩინეთიც და აშშ-იც, ხოლო დაპირისპირება ჩვენს შორის ორმხრივ ზიანს გამოიწვევს. ამიტომ ჩვენ პარტნიორები უნდა ვიყოთ და არა მეტოქეები“, — განაცხადა ჩინეთის ლიდერმა.

ჩინეთი ცდილობს, მყიფე ზავი გაახანგრძლივოს, მაგრამ არ ჩქარობს ტრამპთან რაიმე კონკრეტულზე შეთანხმებას, რადგან სი გრძელ თამაშს თამაშობს. ტრამპს კი, ჯერ ერთი, სწრაფი შედეგები და ხმაურიანი „გარიგებები“ უყვარს; მეორე — იშვიათად ინარჩუნებს სიტყვას; და მესამე — მისი საპრეზიდენტო ვადა სამ წელზე ნაკლებში დასრულდება, ხოლო უკვე ნოემბერში ის შეიძლება „კოჭლ იხვად“ იქცეს, თუ დემოკრატები კონგრესის შუალედურ არჩევნებს მოიგებენ.

„ჩინეთში ბევრი, როგორც ჩანს, დარწმუნებულია, რომ აშშ-სთან დაპირისპირება კვლავ გამწვავდება ან შუალედური არჩევნების შემდეგ, ან ტრამპის წასვლის შემდეგ. ამ თვალსაზრისით, მათი ამოცანაა არა შერიგება, არამედ დროის გაწელვა: სტაბილურობის შენარჩუნება და პარალელურად ჩინეთის გრძელვადიანი პოზიციების გაძლიერება“, — მიიჩნევს ზოი ლიუ, ჩინეთის საკითხების ექსპერტი.

როგორ გამოადგება პუტინი სის

ეს სტრატეგია შედეგს იძლევა. ჩინური პროპაგანდა სის წარმოაჩენს წამყვან მსოფლიო ლიდერად, რომელთანაც ერთმანეთის მიყოლებით ჩადიან მთავარი ბირთვული სახელმწიფოების ხელმძღვანელები. ჯერ ტრამპი ჩავიდა ტაივანზე ლექციის მოსასმენად. ამის შემდეგ კი სიმ წითელ ხალიჩაზე ვლადიმირ პუტინი დაიბარა — რუსეთის პრეზიდენტი, რომლის მმართველობის დროსაც რუსეთი ჩინეთის ნედლეულისა და ტექნოლოგიურ დანამატად იქცა.

სი, სავარაუდოდ, პუტინის მომავალ კვირაში ჩასვლას გამოიყენებს იმისთვის, რომ მსოფლიოს კიდევ ერთხელ აჩვენოს: აშშ ჩინეთს ვეღარ კარნახობს წესებს. ამისთვის სის აქვს კონკრეტული ბერკეტები ახალი ჰეგემონიის საჩვენებლად.

ერთ-ერთი ასეთი ბერკეტი ომია. ტრამპი დიდი ხანია ცდილობს, დაასრულოს რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და საკუთარი ომი ირანთან. ჩინეთი ამ ქვეყნების მთავარი მფარველი და მოკავშირეა და ჩინეთის გარეშე ტრამპს ჯერჯერობით არაფერი გამოსდის.

მეორე ბერკეტი ენერგეტიკაა. ტრამპი ცდილობს, ამერიკა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის ჰეგემონად აქციოს და სურდა დაერწმუნებინა სი, რომ ჩინეთს მეტი ნავთობი და გაზი შეეძინა აშშ-ში და არა იქ, საიდანაც ახლა ყიდულობს — ახლო აღმოსავლეთსა და რუსეთში.

ჩინეთს კონკრეტული ვალდებულებები არ აუღია.

უკვე მომავალ კვირაში კი სიმ შესაძლოა კიდევ ერთხელ აჩვენოს კბილები ტრამპს, თუ პუტინთან ხელს მოაწერს დიდი ხნის ნანატრ კონტრაქტს გაზსადენ „სილა სიბირი — 2“-ის მშენებლობაზე, დაჰპირდება, რომ მეტ გაზს იყიდის რუსეთში და არა აშშ-ში, და ამავდროულად დაეხმარება პუტინს ევროპაში ექსპორტის დაკარგული შემოსავლების ჩანაცვლებაში და უკრაინაში ომისთვის ფულის შოვნაში.

ამ ყველაფერმა შეიძლება ტრამპი გააღიზიანოს და უკვე უახლოეს კვირებსა და თვეებში აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გამწვავება გამოიწვიოს, ამბობენ ექსპერტები. მით უმეტეს, რომ ტრამპი ჩინეთთან ახალ სავაჭრო ომს ამზადებს — მისი წინა ტარიფები მისივე უზენაესმა სასამართლომ უკანონოდ ცნო, ახლა კი თეთრი სახლი ცდილობს ახალი ტარიფების შემოღებას, ოღონდ უკვე სხვა საბაბით.

ამიტომ ეს ზავი მეტად დროებითი და მყიფეა, აღნიშნავს მაიკლ ფრომანი — თეთრი სახლის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში საგარეო ვაჭრობასა და „დიდ შვიდეულთან“ და APEC-თან, აზიისა და ამერიკის ქვეყნების ასოციაციასთან, კავშირებს კურირებდა.

აშშ-სა და ჩინეთს შორის უამრავი გადაუჭრელი წინააღმდეგობაა — ვაჭრობიდან ტაივანამდე და ბირთვული შეიარაღების რბოლამდე — რომლებიც ტრამპმა და სიმ უბრალოდ პეკინის სამიტის საზეიმო წითელი ხალიჩის ქვეშ გადამალეს.

„ამ პრობლემების უმეტესობის იგნორირება მომავალი კონფლიქტის რისკს ქმნის, –ამბობს მაიკლ ფრომანი. – არსებობს განსხვავება გაწონასწორებულ სკეპტიციზმსა და თვითდამშვიდებას შორის. გარკვეულ მომენტში აშშ-ჩინეთის ურთიერთობებში საკვანძო წინააღმდეგობები გარდაუვლად მოითხოვს გადაწყვეტას.“