დივერსიების ტალღა თუ შემთხვევითობების ჯაჭვი – ევროპაში საეჭვო ინციდენტები გახშირდა

ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ინციდენტი, სადაც ზუსტად ერთი თვის წინ ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული უპილოტო საფრენი აპარატი აღმოაჩინეს, პირველი შემთხვევა გახდა, როდესაც გერმანიამ რუსეთს დივერსიის მცდელობაში ოფიციალურად დასდო ბრალი. თუმცა მხოლოდ ამ ერთი თვის განმავლობაში სულ მცირე შვიდი საეჭვო ინციდენტი მოხდა — და ეს მხოლოდ გერმანიაში. აგვისტოს დასაწყისიდან თავდაცვის საწარმოებში ხანძრები და აფეთქებები დაფიქსირდა პოლონეთში, სლოვაკეთში, ბულგარეთსა და იტალიაში. ვნახოთ  ევროპაში 5 აგვისტოს შემდეგ მომხდარი სავარაუდო დივერსიების ცნობილი შემთხვევების ჩამონათვალი.

გერმანია: ასაფეთქებლით დატვირთული დრონი, მწყობრიდან გამოყვანილი ქვესადგურები და აფეთქება სადგურზე

ჯერ კიდევ ივლისის ბოლოს გერმანიის კონტრდაზვერვამ — კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა სამსახურმა (BfV) — გამოაქვეყნა ანგარიში, რომელიც ქვეყნის თავდაცვის სექტორისთვის გაზრდილ საფრთხეებზეა საუბარი, მათ შორის შესაძლო დივერსიებსა და საბოტაჟის აქტებზე.

აგვისტოს ბოლოს, მას შემდეგ, რაც გერმანიის ხელისუფლებამ ლაიფციგში აღმოჩენილ უპილოტო აპარატთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა პირდაპირ რუსეთის სპეცსამსახურებს დააკისრა, ფედერალურმა კრიმინალურმა პოლიციამ ანგარიში მოამზადა. გერმანული მედიის ცნობით, მასში შთამბეჭდავი მონაცემებია წარმოდგენილი: ერთი წლის განმავლობაში სავარაუდო საბოტაჟის 165 შემთხვევა დაფიქსირდა.

მათ შორისაა ელექტროგადამცემი ხაზებისა და სარკინიგზო ლიანდაგების დაზიანება, ასევე წინასწარ დაგეგმილი ხანძრები. „კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები, როგორც წესი, სამიზნედ ქცევის გაზრდილი რისკის ქვეშ არიან“, — ასკვნის კრიმინალური პოლიცია.

ლაიფციგის აეროპორტის შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, გერმანია ყოველთვის ცდილობდა, დივერსიებში რუსეთისთვის პირდაპირ არ დაედო ბრალი. ერთი მხრივ, ქვეყნის ხელისუფლება ყველა საშუალებით ცდილობდა ესკალაციის თავიდან აცილებას. მეორე მხრივ, როგორც Telegraph-ი თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, „რუსეთი ძალიან იშვიათად ტოვებს ისეთ მტკიცებულებებს, რომლებიც თავდასხმების პირდაპირ მოსკოვისთვის მიკუთვნების შესაძლებლობას იძლევა“.

ლაიფციგის შემთხვევა ამ მხრივ გამონაკლისია: პოლიციამ მსხვილ ლოგისტიკურ ჰაბში ასაფეთქებელი ნივთიერებით დატვირთული დრონი აღმოაჩინა. მიუხედავად ამისა, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აგვისტოს ბოლოს კვლავ საუბრობდა მხოლოდ „უცხო სახელმწიფოების შესაძლო მონაწილეობაზე“ და არ აკონკრეტებდა, რომელ ქვეყანას გულისხმობდა.

მხოლოდ 1 სექტემბერს საგარეო საქმეთა მინისტრმა იოჰან ვადეფულმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ დობრინდტმა განაცხადეს, რომ ლაიფციგში დივერსიის მცდელობა იმ ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომელსაც რუსეთი უკრაინის ევროპელი მოკავშირეების წინააღმდეგ აწარმოებს. დობრინდტის თქმით, ხელისუფლება ამ დასკვნამდე მივიდა დივერსიის მცდელობისას გამოყენებული ტექნოლოგიებისა და სხვა, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის შესწავლის შემდეგ.

ამ ორ მოვლენას — დრონის აღმოჩენასა და მინისტრების პრესკონფერენციას — შორის გერმანიაში რკინიგზაზე კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა. 23 აგვისტოს ქალაქ ბაკნანგთან, შტუტგარტის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე, უცნობებმა რამდენიმე კაბელი გადაჭრეს. შედეგად ამ მონაკვეთზე მატარებლების მოძრაობა შეფერხდა, ხოლო ბაკნანგში ინტერნეტისა და სატელეფონო კავშირის პრობლემები შეიქმნა.

პოლიციამ დაასკვნა, რომ საქმე განზრახ ჩარევას ეხებოდა: საკაბელო შახტი ძნელად მისადგომ ადგილზე მდებარეობდა და იქ ხელსაწყოების გამოყენების კვალი აღმოაჩინეს.

1 სექტემბრიდან სავარაუდო დივერსიების შესახებ ცნობები თითქმის ყოველდღიურად ვრცელდება.

1 სექტემბერს პოლიცია ქალაქ ბერგჰაიმში, კიოლნიდან 25 კილომეტრში მდებარე ელექტროქვესადგურზე გამოიძახეს. გაირკვა, რომ უცნობებმა საკონტაქტო ქსელზე კაბელები გადაყარეს, რამაც მოკლე ჩართვა გამოიწვია. შედეგად ენერგოკომპანია RWE Power-ის ხუთი ლიგნიტზე მომუშავე ენერგობლოკი მწყობრიდან გამოვიდა.

პოლიციამ დივერსიის ეჭვით გამოძიება დაიწყო. მომხდარის ორი ძირითადი ვერსია განიხილება — უცხო სახელმწიფოს თავდასხმა ან მემარცხენე ექსტრემისტების მოქმედება.

იმავე დღეს სხვა ლიგნიტის ელექტროსადგურთან, იენშვალდეში მდებარე ქვესადგურზე, ქსელში მოკლე ჩართვის გამომწვევი თვითნაკეთი მოწყობილობები აღმოაჩინეს. ბრანდენბურგის მიწის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უცნობებმა ტურნოვ-პრაილაკის ქვესადგურზე შეტევა სცადეს. თავდამსხმელებმა გამოიყენეს მოწყობილობები, რომლებიც მაღალი ძაბვის ხაზებს მწყობრიდან გამოჰყავს.

შედეგად ორი მოკლე ჩართვა მოხდა და იენშვალდეს ელექტროსადგურის ერთი ენერგობლოკი გაითიშა. ისევე როგორც ბერგჰაიმში, პოლიცია ორ ვერსიას განიხილავს — უცხო სახელმწიფოს ჩარევას და მემარცხენე რადიკალების აქციას. გარდა ამისა, სამართალდამცველები ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში მომხდარ ამ ორ დივერსიას შორის შესაძლო კავშირს სწავლობენ.

4 სექტემბერს კვირის განმავლობაში უკვე მესამედ დაფიქსირდა ძალიან მსგავსი ინციდენტი, თუმცა ამჯერად შედეგების გარეშე. ქალაქ დორმაგენში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მიწაზე, ქვესადგურთან კიდევ ერთი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელსაც მოკლე ჩართვის გამოწვევა შეეძლო. თავად ქვესადგური არ დაზიანებულა და ელექტრომომარაგების პრობლემებიც არ შექმნილა.

ამჯერად პოლიციამ წერილი მიიღო, რომელშიც ვიღაც მოქალაქე პასუხისმგებლობას იღებდა როგორც ამ, ისე წინა ორ თავდასხმაზე და თავის ქმედებებს გარემოს დაცვისთვის ბრძოლით ხსნიდა. თუმცა პოლიცია დარწმუნებული არ არის, რომ წერილის ავტორი მართლაც დაკავშირებულია წინა ინციდენტებთან და ვარაუდობს, რომ შესაძლოა საქმე მიმბაძველთან ჰქონდეთ.

მაგრამ ეს ყველაფერი არ არის.

2 სექტემბრის ღამეს აუგსბურგის რკინიგზის სადგურზე, ბავარიაში, აფეთქება მოხდა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ორი ადამიანი დაშავდა და პოლიცია გამოძიებას აწარმოებს. ხელისუფლებას მომხდარი პირდაპირ დივერსიად არ შეუფასებია, თუმცა გერმანული მედია ამ ინციდენტს სხვა სავარაუდო თავდასხმების კონტექსტში განიხილავდა.

3 სექტემბერს თავდასხმა მოხდა მიუნხენში, ორი თავდაცვის კომპანიის ოფისებთან მდებარე სამშენებლო მოედანზე. უცნობებმა ავტომობილიდან რამდენიმე ცეცხლგამჩენი მოწყობილობა გადაყარეს, რომელთაგან ერთმა ხანძარი გამოიწვია.

ამ ადგილის მახლობლად მდებარეობს კომპანიების Rohde & Schwarz-ის — რომელიც საკომუნიკაციო სისტემებსა და დრონების აღმოჩენისა და ჩახშობის აღჭურვილობას აწარმოებს — და Helsing-ის შტაბ-ბინები. Helsing პროგრამულ უზრუნველყოფასა და დამრტყმელ დრონებს ქმნის.

პოლონეთი: ხანძრები თავდაცვის საწარმოებში

30 აგვისტოს ლუბლინში ცეცხლი გაუჩნდა კომპანია JFG Composites-ის საწყობს, რომელიც საავიაციო დეტალებს აწარმოებს.

მეორე დღეს დიდი ხანძარი გაჩნდა პოლონეთის უდიდეს კერძო თავდაცვის ქარხანაში — WB Electronics-ში, ქალაქ სკარჟისკო-კამენაში, სადაც დრონების კომპონენტებს აწარმოებენ.

პოლონეთის პროკურატურის მონაცემებით, უცნობებმა ქარხნის ტერიტორიაზე მოათავსეს მუხტი, რომელიც ადვილად აალებად მასალებს შეიცავდა.

„სკარჟისკო-კამენას შემთხვევაში ეჭვი არ არსებობს, რომ ეს განზრახ გაჩენილი ხანძარი, დივერსიული აქტი იყო“, — განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა.

ამავე დროს მან აღნიშნა, რომ ლუბლინის ხანძრის შემთხვევაში დივერსიის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, თუმცა ამ ვერსიის გამორიცხვაც არ შეიძლება.

სკარჟისკო-კამენაში ზარალი 3,5 მილიონ ევროდ არის შეფასებული, ლუბლინში კი — 7 მილიონ ევროდ.

სლოვაკეთი: სამხედრო ქარხნის დაწვის მცდელობა

დრონების მწარმოებელი ქარხანა შესაძლოა სლოვაკეთშიც გამხდარიყო თავდასხმის სამიზნე.

25 აგვისტოს პოლიციამ განაცხადა, რომ მასშტაბური დივერსია აღკვეთა. სამართალდამცველებმა ამოიღეს აალებადი ნარევი, ხელსაწყოები და საწარმოს გეგმა.

თავდამსხმელთა სამიზნე იყო უკრაინული კომპანია Skyeton-ის ქარხანა ქალაქ პრეშოვში. კომპანიის კიევის ოფისი მაისში რუსეთის შეტევის შედეგად განადგურდა, რის შემდეგაც Skyeton-მა დრონების წარმოება სლოვაკეთში გადაიტანა.

რეგიონულ პროკურატურაში Reuters-ს განუცხადეს, რომ ქარხნის დაწვის მცდელობის ეჭვით დაკავებულია ლატვიის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე. სამივე მათგანს ბრალი წაუყენეს.

ესტონეთი: თავდასხმა დრონების მწარმოებელ ქარხანაზე

15 აგვისტოს ღამეს ტალინში ხანძარი გაჩნდა შენობაში, რომელსაც კომპანია Milrem Robotics იყენებს. კომპანია უპილოტო სისტემებს აწარმოებს და მათ უკრაინასაც აწვდის.

კომპანიაში განაცხადეს, რომ ხანძარს მიწოდების ჯაჭვზე გავლენა არ მოუხდენია.

ესტონეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ გამოძიება ხანძრის გაჩენაში რუსეთის შესაძლო მონაწილეობის ვერსიასაც სწავლობს. ცოტა მოგვიანებით ლატვიის სპეცსამსახურებმა სამი ეჭვმიტანილი დააკავეს — სამივე ლატვიის მოქალაქეა.

ბულგარეთი და იტალია: იდუმალი აფეთქებები თავდაცვის საწარმოებში

10 აგვისტოს ბულგარეთში, სოფელ ბელიცასთან მდებარე იარაღის მწარმოებელი კომპანია EMCO-ს ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარი გაჩნდა.

ოფიციალური მონაცემებით, თავდაპირველად ავტოცისტერნას გაუჩნდა ცეცხლი, რის შემდეგაც ცეცხლი საბრძოლო მასალების საწყობზე გავრცელდა.

EMCO უკრაინას შეიარაღებას 2014 წლიდან აწვდის და ბულგარეთში შეიარაღების ერთ-ერთი უდიდესი კერძო მწარმოებელი და ექსპორტიორია.

ქვეყნის ხელისუფლებამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ განზრახ დაზიანების ვერსიას არ განიხილავს. ბულგარეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ივან დემერჯიევის თქმით, ინციდენტის მიზეზი შესაძლოა „შიდა ფაქტორები“ ყოფილიყო.

13 აგვისტოს ძლიერი აფეთქება მოხდა იტალიის ქალაქ კოლეფეროში მდებარე KNDS Ammo-ს ქარხანაში.

საწარმო თავდაცვის ჰოლდინგ KNDS-ს ეკუთვნის, რომელიც უკრაინას იარაღს აწვდის.

იტალიის თავდაცვის მინისტრმა გვიდო კროზეტომ განაცხადა, რომ აფეთქების მიზეზი „შიდა პრობლემა“ იყო და გარე ჩარევის ვერსია გამორიცხა.

პოპულარული

ესტონეთს ახალი პრეზიდენტი ჰყავს — არჩეულია ულე მადისე

ესტონეთის პარლამენტმა ქვეყნის ახალ პრეზიდენტად იურისტი და სამართლის კანცლერი...

თანამდებობა, რომელიც მამუკა მდინარაძისთვის იქმნებოდა, აღარ შეიქმნება

შალვა პაპუაშვილის ინფორმაციით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება.გარდა...

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა შენახვა-ტარებისა...

უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს: პუტინის განცხადება

ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინასთან კონფლიქტის მოგვარების შანსი არსებობს....

ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მედიას 4 მილიონ დოლარს გამოუყოფს

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მემარჯვენე მიმართულების მედიის...

ხვიჩა მაქაცარიას ბიზნესიმპერია: მონოპოლიები, რუსული კავშირები, ოფშორები და პოლიტიკური გავლენა–TI-ის კვლევა

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო ვრცელ კვლევას აქვეყნებს ბიზნესმენის შესახებ, რომელიც...

დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ დააბრუნებენ. ადამიანის...

ყველა ამბავი

კრემლის პრესსპიკერი: მოსკოვი უახლოესი სამი დღის განმავლობაში კიევს არ დაარტყამს

ვლადიმირ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ 6 სექტემბრის 00:00 საათიდან სამი დღის განმავლობაში კიევზე დარტყმები არ განხორციელდეს, რაც ამერიკული დელეგაციის...

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

თუშეთში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. შემთხვევა ღამით, სოფელ ომალოში ვიზიტორთა ცენტრის მიმდებარედ მოხდა.თვითმხილველების თქმით, სწრაფად...

აშშ-ში შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური“ სანქციები გადადონ

აშშ-ის კონგრესში რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. „ჯოჯოხეთურ“ სანქციებს მხარს უჭერენ, თუმცა ახალი კანონპროექტის შესაძლო შედეგებზე დავობენ. კონგრესმენები შიშობენ, რომ ახალი...

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს და მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში მიემგზავრება

დენის კულანინი საქართველოს ტოვებს, ის უახლოეს საათებში მის მიერ არჩეულ მესამე ქვეყანაში გაემგზავრება.„უფლებები საქართველოს" ცნობით, თბილისის აეროპორტში ის უკვე...

მელია მაგინებს, ღარიბაშვილი და ლილუაშვილი შეშინებულები არიან, მე ლექციებს ვკითხულობ: სააკაშვილი ციხიდან

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ციხეში, ასევე პატიმრობაში მყოფი ნიკა მელია მისი მისამართით იგინება. ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ...

ბუდანოვმა ვოლოდიმირ ზელენსკის დონბასის დათმობაზე უარის თქმა ურჩია

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კირილო ბუდანოვმა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ურჩია, უარი ეთქვა ისეთ კომპრომისზე, რომელიც რუსეთს დონბასზე კონტროლის აღიარების...

თავდასხმა კიევის ცენტრზე: რუსულმა დრონმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის შენობას დაარტყა

რუსულმა საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დედაქალაქის ცენტრში, ვოლოდიმირსკას ქუჩაზე მდებარე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მთავარ შენობაზე იერიში დრონით მიიტანეს.კიევის ინფორმაციით, სამიზნეს...

პროკურორი ციხით რომ მაშინებს: ციხეშიც შევალ და ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ! – თამაზ ელიზბარაშვილი

ბრალდება, რაც პროკურატურამ წამიყენა, არის თითიდან გამოწოვილი. ციხით რომ მაშინებს პროკურორი, ციხეშიც შევალ და იქიდან ორჯერ უფრო ვაჟკაცურად გამოვალ!...

ტრამპის საგანგებო წარმომადგენლები მოსკოვსა და კიევს ეწვევიან

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი, უკრაინაში მიმდინარე ომის დარეგულირების მცდელობების ფარგლებში, მიმდინარე კვირის...

შსს-ს თქმით, დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება

აქციების დროს დაკავებულ და "ქართული ოცნების" პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ შეწყალებულ დენის კულანინს 5 წლით საქართველოში შემოსვლა აეკრძალება....

სარჯველაძის განცხადებით, დიუშენით დაავადებული ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა

"ქართილი ოცნების" ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი“ თბილისში მომდევნო კვირის დასაწყისში...

დენის კულანინს საქართველოს ნებაყოფლობით დასატოვებლად 7 დღე განესაზღვრა

წარმოშობით რუს აქტივისტ დენის კულანინს რუსეთში არ დააბრუნებენ. ადამიანის უფლებების დამცველი გაერთიანება „უფლებები საქართველო“-ს ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ...