20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

20 ივნისის საქმეზე ბრალდებული ბესიკ თამლიანი სასამართლომ ისევ პატიმრობაში დატოვა.

მისმა ადვოკატმა ლევან იოსელიანმა აღკვეთის ღონისძიების 1000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა, თუმცა ბრალდების მხარე მას არ დაეთანხმა.

ბრალდების მხარის განცხადებით, ბრალდებულის მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე კვლავ არსებობს.

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა წესრიგის დარღვევის გამო თამლიანი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად თამლიანის ოჯახის წევრებმაც დატოვეს.

20 ივნისის საქმეზე დაკავებულ ბესიკ თამლიანს ბრალი ედება ჯგუფურ მოქმედებში მონაწილეობაში, რასაც თან ახლდა რბევა, ძალადობა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა. აღნიშნული ბრალი 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.