რუსეთის სპეცსამსახურები სულ უფრო ხშირად მიმართავენ რეპრესიულ ტაქტიკას, რათა რეჟიმის მიმართ კრიტიკულად განწყობილი ხელოვანები, აქტივისტები და პოლიტიკოსები აიძულონ, ქვეყანა დატოვონ – წერს დამოუკიდებელი საგამოძიებო გამოცემა The Insider-ი თავის ახალ მასალაში. ჟურნალისტური გამოძიება აჩვენებს, რომ ფედერალური უსაფრთხოების სამსახური (ФСБ) პრაქტიკულად სრულად დაუბრუნდა საბჭოთა „კაგებეს“ (КГБ) ნაცად მეთოდს — „წადი, ან ციხეში ჩაჯდები“.
გამოცემის ინფორმაციით, სპეცსამსახურების ხელში ემიგრაცია იქცა „პრობლემის მოგვარების“ ერთ-ერთ მთავარ იარაღად. ხშირ შემთხვევაში, გამომძიებლები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შემდეგ ეჭვმიტანილს დაუყოვნებლივ არ აპატიმრებენ და შეგნებულად უტოვებენ ქვეყნიდან გაქცევის შესაძლებლობას.
გამომჟღავნდა ისიც, რომ ჯგუფ Pussy Riot-ის ყოფილი წევრი, რიტა ფლორესი, სამი წლის განმავლობაში საიდუმლოდ თანამშრომლობდა ФСБ -სთან. ფლორესმა თავად აღიარა, რომ კურატორის დავალებით, ის მიზანმიმართულად არწმუნებდა სხვადასხვა არტისტებს, მათ შორის პაველ კრისევიჩსა და ქუჩის მხატვარ ფილიპენზოს (ფილიპ კოზლოვს), რომ რუსეთი სასწრაფოდ დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხანგრძლივი პატიმრობა ელოდათ.
სკანდალური არტისტი პაველ კრისევიჩი ციხიდან 2025 წლის იანვარში გათავისუფლდა, სადაც 3.5 წელს იხდიდა წითელ მოედანზე გამართული აქციისთვის. თუმცა, როგორც კი მან პროტესტი განაახლა, ФСБ-ს აგენტმა რიტა ფლორესმა კურატორისგან მიიღო დავალება — აეძულებინა კრისევიჩი ქვეყანა დაეტოვებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას ახალი პატიმრობა ელოდა.
არტისტის ბოლო პერფორმანსი მოსკოვის ოლქში, ქალაქ ისტრაში გაიმართა, სადაც კოვბოის ტანსაცმელში გამოწყობილი კრისევიჩი საბჭოთა საზენიტო რაკეტაზე (S-75) აძვრა. ეს იყო სტენლი კუბრიკის ფილმის („დოქტორი სტრეინჯლავი“) ცნობილი სცენის რეპროდუქცია, სადაც პერსონაჟი ატომურ ბომბს მიაჭენებს. კრისევიჩის თქმით, აქციის მიზანი იყო ეჩვენებინა, თუ როგორ მიეჩვია საზოგადოება ომს და ბირთვული იარაღის შესაძლო გამოყენებაზე მუდმივ საუბრებს.
აქციის დაწყებისთანავე კრისევიჩი დააკავეს, რადგან მისი გეგმების შესახებ ინფორმაცია ФСБ-ს ხელში აღმოჩნდა. მორიგი ადმინისტრაციული პატიმრობის დროს, ის იზოლატორიდან ბნელ ოთახში გაიყვანეს, სადაც ФСБ-ს ორმა ოფიცერმა კედლისკენ შეაბრუნა და პირდაპირ დაემუქრა:
„ჩვენ გაგაფრთხილეთ; შენც და შენი ახლობლებიც იტირებთ. ჩაალაგე ბარგი და წადი, თორემ ჩაგსვამთ“.
2025 წლის დეკემბრის ბოლოს, ციხიდან გამოშვებისთანავე, კრისევიჩმა ცოლთან კონსულტაციის შემდეგ რუსეთი სასწრაფოდ დატოვა. მოგვიანებით მან დაადასტურა: „მე ქვეყნიდან წავედი არა ფლორესის გავლენით, არამედ ФСБ-ს ოფიცრების პირდაპირი ულტიმატუმის გამო — მათ მითხრეს: ან წახვალ, ან ციხეში ჩაგსვამთ“.
The Insider-ის სტატიაში აღწერილია სხვა ხელოვანების შემთხვევებიც (მაგალითად, ანტიომური სტრიტ-არტის ავტორი BFMTH), რომლებსაც დაკავების, თვალთვალისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის გზით აიძულეს სომხეთში გაქცეულიყვნენ.
როგორც The Insider-ი აღნიშნავს, ეს მიდგომა მხოლოდ ხელოვანებზე არ ვრცელდება. კრემლმა ანალოგიური მეთოდი გამოიყენა ცნობილი პოლიტიკოსის, ბორის ნადეჟდინის წინააღმდეგ, რომელიც 2026 წლის ზაფხულში სახელმწიფო დუმის არჩევნებისთვის ემზადებოდა. მას შემდეგ, რაც ის „უცხოურ აგენტად“ გამოაცხადეს და საგამოძიებო კომიტეტში დაიბარეს, ხელისუფლებამ მას მოულოდნელად მოუხსნა ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა, რის შემდეგაც ნადეჟდინმა ქვეყანა დატოვა.
კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია სოციოლოგ ბორის კაგარლიცკის საქმე. სასამართლომ მას თავდაპირველად მხოლოდ ჯარიმა შეუფარდა და პატიმრობიდან გაათავისუფლა. ხელისუფლება ელოდა, რომ ის ორ თვეში ქვეყნიდან გაიქცეოდა, თუმცა, რადგან კაგარლიცკიმ რუსეთში დარჩენა ამჯობინა, პროკურატურამ განაჩენი გაასაჩივრა და მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
რატომ ურჩევნია კრემლს ემიგრაცია ციხეს? ექსპერტებისა და გამოცემის ანალიზით, ФСБ -სთვის ცნობილი ადამიანების საზღვარგარეთ გაძევება გაცილებით მომგებიანია, ვიდრე მათი დაპატიმრება. პოპულარული ფიგურების ციხეში ჩასმა დასავლეთში დიდ პროტესტს და მათ მხარდამჭერ კამპანიებს იწვევს (როგორც ეს კაგარლიცკის შემთხვევაში მოხდა).
სამშობლოდან მოწყვეტილი ხელოვანების თუ პოლიტიკოსების შემოქმედება და განცხადებები კარგავს პირვანდელ კონტექსტს და რუსეთის შიგნით მათ პოლიტიკურ გავლენას აქარწყლებს.
The Insider-ი ხაზს უსვამს, რომ ეს წესი არ ვრცელდება ფართო საზოგადოებისთვის უცნობ, რიგით მოქალაქეებზე — მათ მიმართ კრემლი ყოველგვარი ყოყმანის გარეშე იყენებს უმკაცრეს საპატიმრო სასჯელებს.
გმოცემა პარალელს ავლებს 1970-იანი წლების სსრკ-სთან, როდესაც პოლიტბიურო ლეონიდ ბრეჟნევისა და „კაგებეს“ ხელმძღვანელ იური ანდროპოვის მეთაურობით ზუსტად ასე წყვეტდა ცნობილი მწერლების ბედს. სწორედ ამ მეთოდით, ციხის ალტერნატივად, საბჭოთა კავშირიდან იძულებით გააძევეს ნობელის პრემიის ლაურეატი ალექსანდრე სოლჟენიცინი (1974 წელს) და ცნობილი პოეტი იოსებ ბროდსკი (1972 წელს).


