საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) ქართული ოცნების გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები არჩევნებზე ხმას საზღვარგარეთ ვეღარ მისცემენ.ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არსობრივად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ არჩევნების საყოველთაობის პრინციპს.
“საარჩევნო უფლება არ შეიძლება მხოლოდ ფორმალურად არსებობდეს. სახელმწიფოს მხრიდან უფლების მიზანმიმართულ დარღვევად უნდა ჩაითვალოს ისეთი შემთხვევა, როდესაც სახელმწიფოს აქვს რეალური შესაძლებლობა უზრუნველყოს საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნა, მაგრამ მმართველი პარტიის ინტერესების გამო, საქართველოს მოქალაქეებს არ ეძლევათ ხმის მიცემის რეალური შესაძლებლობა. არჩევნების საყოველთაობის პრინციპი სახელმწიფოს აკისრებს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების არჩევნებში რეალური მონაწილეობა და არ დაუშვას, რომ მათი აქტიური საარჩევნო უფლება ვიწროპარტიული ინტერესებიდან გამომდინარე ფორმალობად იქცეს. გარდა ამისა, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად „სახელმწიფო ზრუნავს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებასა და განვითარებაზე,“
უკვე წლების მანძილზე არსებული შესაძლებლობის მოქალაქეებისთვის წართმევით, მათთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვით, გაუგებარია როგორ ასრულებს სახელმწიფო ამ ვალდებულებას.
საზღვარგარეთ ხმის მიცემის შესაძლებლობა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, განაგრძონ თავიანთი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად არ იმყოფებიან ქვეყნის ტერიტორიაზე. არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეების მიერ სამშობლოსთან კავშირის შენარჩუნებას, მიუხედავად გეოგრაფიული, ეკონომიკური თუ პოლიტიკური გარემოებებისა. აღნიშნილი საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელობას იძენს საქართველოს შემთხვევაში, რადგან ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების რაოდენობა დიდია და მუდმივად იზრდება. ისინი ქვეყანაში დარჩენილ ოჯახებს მნიშვნელოვან ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ და ამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში.
ვენეციის კომისიის მოსაზრებით, მოქალაქეთა ევროპული მობილობის გათვალისწინებით და სახელმწიფოების ინდივიდუალური მდგომარეობის შესაბამისად, სახელმწიფოებმა უნდა გამოიჩინონ პოზიტიური მიდგომა საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქეების ხმის მიცემის უფლებთან დაკავშირებით. ქვეყნების რიცხვი, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლებას აძლევენ, მზარდია და ამის პარალელურად, საქართველოს მოქალქებითვის ამ შესაძლებლობის წართმევა დაუშვებელია.
ამასთან, საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის წესის ჩამოყალიბება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ანალოგიით, კონსტიტუციურად გაუმართლებელი და მანკიერი პრაქტიკაა, რადგან ეს ორი პროცესი არსებითად განსხვავებული სამართლებრივი ბუნებისა და პოლიტიკური მნიშვნელობის მქონეა.
არსებითია ისიც, რომ აღნიშნული საკანონდებლო პროცესის პარალელურად მმართველი პარტია ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აკრძალვის მიზნით აწარმოებს დავას საკონსტიტუციო სასამართლოში. გარდა ამისა, აძლიერებს ზეწოლას დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებსა და მედიაზე. ქვეყანაში დემოკრატიული უკუსვლის პირობებში, მსგავსი ნაბიჯების გადადგმა კიდევ ერთხელ აჩვენებს ქართული ოცნების მისწრაფებებს და ძირს უთხრის არჩევნების დემოკრატიულ გარემოში ჩატარების შესაძლებლობას”, – ვკითხულობთ განცხადებაში.















