რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ცნობილი იყო უკრაინაში რუსეთის შეჭრის კრიტიკითა და მოსკოვის წინააღმდეგ „ჯოჯოხეთური სანქციების“ შესახებ კანონპროექტის მხარდაჭერით, შაბათ საღამოს „ხანმოკლე და მოულოდნელი ავადმყოფობის“ შემდეგ გარდაიცვალა, — განაცხადა სამხრეთ კაროლინის შტატის კანონმდებლის ოფისმა. ის 71 წლის იყო.
„სენატორ გრემის ოჯახი საზოგადოებას სთხოვს, ლოცვებში მოიხსენიონ იგი და ამ წარმოუდგენლად მძიმე მომენტში ოჯახი არ შეაწუხონ“, — ნათქვამია განცხადებაში.
ტელეკომპანია NBC News-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ შაბათ საღამოს კაპიტოლიუმის ბორცვზე მდებარე სენატორის სახლში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გულის გაჩერებასთან დაკავშირებული გამოძახების გამო მივიდა. გავრცელებულ ცნობაში პაციენტის ვინაობა დასახელებული არ ყოფილა.
გრემი სენატში პირველად 2002 წელს აირჩიეს და მას შემდეგ ხშირად გამოდიოდა საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საკითხებზე. სენატის მოქმედ შემადგენლობაში ის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მნიშვნელოვანი მოკავშირე იყო.
ლინდსი გრემის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელებიდან მალევე ტრამპმა მას „ერთ-ერთი უდიდესი ადამიანი და სენატორი, ვისაც კი ვიცნობდი“ და „შრომისმოყვარე პატრიოტი“ უწოდა.
სენატორი გრემი უკრაინის მხარდაჭერით იყო ცნობილი. ის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე კიევიდან დაბრუნდა — გასულ პარასკევს იგი კიდევ ერთხელ შეხვდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

კვირას ზელენსკი სენატორის გარდაცვალების შესახებ ცნობას გამოეხმაურა და მას „თავისუფლებისა და ღირებულებების ნამდვილი დამცველი“ უწოდა.
„რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წლებში ის უკრაინას ათჯერ ეწვია და ჩვენს ხალხთან ერთად აქ იმყოფებოდა მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად იყო საჭირო. ჩვენ მუდმივი დიალოგი გვქონდა, რომელიც ახლა ძალიან მომენატრება. მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში ორჯერ შევხვდით. უკრაინის ორპარტიული და კონგრესის ორივე პალატის მხარდაჭერის აქტიურად გაძლიერების პარალელურად, ბოლო კვირებში ის მუშაობდა მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომლებსაც მშვიდობის მოახლოებისთვის ხელის შეწყობა შეეძლო, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე“.
სენატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებულ განცხადებებში ამას ევროკავშირის წარმომადგენლებმაც გაუსვეს ხაზი. „სენატორი გრემი სიცოცხლის ბოლომდე იბრძოდა უკრაინის მხარდასაჭერად თავისუფლებისთვის ბრძოლაში და იმისთვის, რომ რუსეთისთვის აგრესიის ფასი გაეზარდა. ის ევროკავშირთან მჭიდრო თანამშრომლობით დაუღალავად მუშაობდა სანქციების გაძლიერებაზე“, — განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
გრემი სენატში 2008, 2014 და 2020 წლებში ხელახლა აირჩიეს. ის კვლავ იყრიდა კენჭს შუალედურ არჩევნებში, რომლებიც მიმდინარე წლის ნოემბერში გაიმართება. სამხრეთი კაროლინა კონსერვატიულ შტატად ითვლება, თუმცა ნებისმიერ კანდიდატს, რომელსაც რესპუბლიკური პარტია გრემის ადგილის დასაკავებლად წარადგენს, არ ექნება მისი ცნობადობა და სენატორის თანამდებობაზე მრავალწლიანი მუშაობით მიღებული უპირატესობა.
გრემი რუსეთს უკიდურესად მკაცრი სიტყვებით აკრიტიკებდა. 2022 წლის მარტში, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე, მან იმედი გამოთქვა, რომ რუსეთში არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც აცნობიერებდნენ, რომ პრეზიდენტი პუტინი „რუსეთს ანადგურებს და ეს კაცი ნებისმიერი შესაძლო გზით უნდა მოიშორონ“.
„არის რუსეთში ბრუტუსი? ან სამხედროებს შორის უფრო წარმატებული პოლკოვნიკი შტაუფენბერგი?“ — კითხულობდა ის, მხედველობაში ჰქონდა იულიუს კეისრის მკვლელობა და ადოლფ ჰიტლერზე თავდასხმის მცდელობა.
პუტინის რუსეთისადმი გრემის კრიტიკული დამოკიდებულება არც უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბებულა და არც ყირიმის ანექსიის შემდეგ — ის გაცილებით ადრე არსებობდა. 2011 წელს, როდესაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომზე საუბრობდა, გრემი აცხადებდა: „რუსეთის შეჭრა აგრესიის აქტი იყო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა ახალი დემოკრატიის წინააღმდეგ“.
„პუტინი უკრაინაში არ გაჩერდება“, — განაცხადა გრემმა BBC-სთან ინტერვიუში 2023 წელს. სენატორი ხაზს უსვამდა, რომ უკრაინის ომში მოსკოვისთვის დათმობა სხვა პოტენციურად კონფლიქტურ ზონებში დაპირისპირებას გარდაუვალს გახდიდა — მაგალითად, ჩინეთისგან დამოუკიდებელ ტაივანზე, რომელსაც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს.
რუსეთის ოფიციალური პირები გრემის კრიტიკას პასუხობდნენ და მას „რუსოფობიაში“ ადანაშაულებდნენ. 2023 წელს, უკრაინაში მისი ერთ-ერთი ვიზიტის შემდეგ, რუსეთში მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. პოლიტიკოსი ასევე შეიყვანეს „ტერორისტებისა და ექსტრემისტების“ სიაში.
„მის საყვარელ ამერიკაში რეგულარულად კლავენ არა მხოლოდ ჩვეულებრივ ადამიანებს, არამედ ბინძურ ფულსაც ხარჯავენ სენატორების მკვლელობებზე“, — წერდა მაშინ სოციალურ ქსელებში რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.
მანამდეც ლინდსი გრემს ოფიციალურად ჰქონდა აკრძალული რუსეთში შესვლა, რაც წარმოდგენილი იყო, როგორც პასუხი რუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ პერსონალურ სანქციებზე.
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს, რომელსაც გრემი დემოკრატ სენატორ რიჩარდ ბლუმენტალთან ერთად უჭერდა მხარს, „ჯოჯოხეთური სანქციების“ პროექტი უწოდეს იმ უზარმაზარი ჯარიმების გამო, რომლებიც რუსეთთან ბიზნესის გაგრძელებისთვის იყო გათვალისწინებული.
კანონპროექტის თანახმად, თუ რუსეთი უარს იტყვის მოლაპარაკებებზე, დაარღვევს სამშვიდობო შეთანხმებას, კვლავ შეიჭრება უკრაინაში ან მისი მთავრობის შეცვლას შეეცდება, ეს ავტომატურად დაავალდებულებს აშშ-ის ხელისუფლებას, დაიწყოს რუსული ფინანსური ორგანიზაციების ანგარიშების ბლოკირება და დააწესოს 500-პროცენტიანი ტარიფები ნებისმიერი ქვეყნისთვის, რომელიც რუსეთისგან ნავთობს, გაზს, ქიმიურ პროდუქციას ან სასარგებლო წიაღისეულს შეიძენს.
გეგმაში ასევე იყო გათვალისწინებული, რომ დამრღვევების მიმართ ტარიფები ყოველ კვარტალში გაორმაგდებოდა.
ამ პროექტმა, რაც ამერიკის პოლარიზებული პოლიტიკის პირობებში უჩვეულოა, იმდენი მხარდამჭერი მოიპოვა, რომ მისი მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნებოდა პრეზიდენტის ვეტოს დაძლევაც კი. გრემი ამტკიცებდა, რომ კანონპროექტზე კენჭისყრა ნებისმიერ დროს შეიძლებოდა გამართულიყო, თუმცა გასული წლის ბოლოს, უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ კონსულტაციების დაწყების ფ0ონზე, ადმინისტრაციამ კონგრესმენებს მოცდა სთხოვა.
მიმდინარე წლის იანვარში, გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა ამ იდეას „მწვანე შუქი“ აუნთო, თუმცა კენჭისყრა კვლავ გადაიდო, სანამ აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები კრემლთან დიალოგის შენარჩუნებას ცდილობდნენ.
ანკარაში გამართულ ნატოს სამიტზე ტრამპს სანქციების იდეის წინ წაწევის მზადყოფნა არ გამოუხატავს, თუმცა კიევში ვიზიტის დროს ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ მან და კანონპროექტის სხვა მთავარმა თანაავტორებმა ადმინისტრაციასთან შეთანხმებას მიაღწიეს „რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის“ ახალი ვერსიის წინ წაწევაზე.
„თეთრ სახლთან მიღწეულია შეთანხმება კანონის ახალ რედაქციაზე, რომელსაც ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს, ეს კი ნიშნავს, რომ იგი მიღებული იქნება“, — განაცხადა სენატორმა კიევში.
ვაშინგტონში ოფიციალური განცხადება კანონპროექტის სხვა საკვანძო თანაავტორებმა გაავრცელეს.
„იმ დროს, როდესაც რუსეთი მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივ მკვლელობებს აძლიერებს, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო და აღმასრულებელმა ხელისუფლებებმა ერთობლივად იმუშაონ მექანიზმების შესაქმნელად, რომლებიც აიძულებს მათ, ვინც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ გაზს ყიდულობს და ამით პუტინის სამხედრო მანქანას კვებავს, ამისთვის მაღალი ფასი გადაიხადონ“, — ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ოთხი წევრი აწერს ხელს.















