ევროკავშირმა დაასანქცირა რუსეთის მთავრობის კონტროლის ქვეშ მყოფი რუსული კომპანია “ინტერ რაო” , რომელიც “თელასის” და “ხრამჰესი 1/2”-ის არაპირდაპირი მფლობელია.
“ინტერ რაო” რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტის ფარგლებში დასანქცირებულ კომპანათა სიაშია.
“ინტერ რაო” რუსეთის ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანიაა, რომლის შემოსავალმაც 2023 წელს 1,36 ტრილიონ რუბლს მიაღწია, კომპანიას დაახლოებით 19 მილიონი მომხმარებელი ჰყავს. მას რუსეთის ფედერაციის მთავრობა აკონტროლებს. “ინტერ რაოს” აქციონერთა შორის არიან სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიები “როსსეტი” და “როსნეფტეგაზი”, რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტის ერთ-ერთი უდიდესი დივიდენდების გადამხდელები.
კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრები არიან დასანქცირებული პირები იგორ სეჩინი, “როსნეფტის” აღმასრულებელი დირექტორი და ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე, და დმიტრი შუგაევი, რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობისთვის ფედერალური სამსახურის დირექტორი. მაღალი შემოსავლების, რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში მნიშვნელობისა და სამთავრობო კონტროლის გამო, “ინტერ რაო” დიდ როლს თამაშობს რუსეთის მნიშვნელოვან ეკონომიკურ სექტორში და რუსეთის ფედერაციის მთავრობა “ინტერ რაოს” შემოსავლის ნაწილს მისი მფლობელების მიერ გადახდილი გადასახადებისა და დივიდენდების მეშვეობით აგროვებს.
შესაბამისად, “ინტერ რაო” ფინანსურად მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მთავრობას, რომლებიც პასუხისმგებელია ყირიმის ანექსიასა და უკრაინის დესტაბილზიაციაზე,” – ნათქვამია ევროკავშირის მიერ კომპანიის დასანქცირების მიზეზებში.
რა გავლენას მოახდენს საქართველოზე ეს სანქცია, ჯერჯერობით უცნობია.
კოალიცია “ცვლილებებისთვის“ ერთ–ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ფეისბუქზე წერს, რომ პრობლემები შესაძლოა “თელასს“ და “თელმიკოსაც შეექმნათ.“
“ინტერ რაო არის თელასის და თელმიკოს ბენეფიციარი მფლობელი. თავად ქართული რგოლები და მათი შუალედური დამფუძნებელი ჰოლანდიური სილქ როუდ ჰოლდინგსი ჯერჯერობით პირდაპირ სანქცირებულები არ არიან, მაგრამ დედაკომპანიის სანქცირება მათთვის სერიოზული რისკია: 50%-იანი წესის და ბანკების compliance-ის გამო.
50%იანი წესი: ვროკავშირის რეგულაციებით, ყველა შვილობილი კომპანია, სადაც სანქცირებული კომპანია 50% და მეტ წილს ფლობს, ავტომატურად სანქცირებულად ითვლება. სილქ როუდ ჰოლდინგსი ინტერ რაოს 100%-იანი შვილობილია და თან ნიდერლანდებშია რეგისტრირებული, ანუ პირდაპირ ევროკავშირის იურისდიქციაშია. ხოლო თელასის 75%იანი წილი და თელმიკოს 100% სრულად მისი აქტივებია, რაც ნიშნავს, რომ ევროპელი კონტრაგენტებისთვის სანქციები თელასზეც და თელმიკოზეც ვრცელდება და მათთან ურთიერთობა უბრალოდ ეკრძალებათ.
თელასიც და თელმიკოც, მაღალი ალბათობით, ვეღარ შეძლებენ ევროში და დოლარში გადარიცხვებს, ვერ შეისყიდიან აღჭურვილობას ევროპელი მომწოდებლებისგან, ვერ მოახდენენ ვერაფრის დაზღვევას და ვერ ისარგებლებენ საერთაშორისო მომსახურებებით.
ბანკების compliance და საბანკო ანგარიშსწორების საკითხი: ევროკავშირის სანქციები ფორმალურად საქართველოს არ ეხება, რადგან ის ევროკავშირის წევრი არაა, მაგრამ ქართული ბანკები “ნებაყოფლობით” იცავენ მათ, რადგან დამოკიდებულნი არიან ევროპულ და ამერიკულ საკორესპონდენტო ანგარიშებზე. ქართული ბანკები დგანან არჩევანის წინაშე: ან დასავლურ ბანკებთან თანამშრომლობა, ან სანქცირებული კომპანიის მომსახურება. პირველზე უარი გარანტირებული ჩამოშლაა უმოკლეს ვადაში, თან, ყველაზე მსხვილი ქართული ბანკები უცხოელი დამფუძნებლების ხელთაა, რაც გამორიცხავს საერთაშორისო თანამშრომლობაზე უარს. შესაბამისად, დარჩა მეორე ვარიანტი: უარი სანქცირებული კომპანიის და მისი შვილობილი კომპანიების მომსახურებაზე.
მართალია, აბონენტების ანგარიშსწორება თელმიკოსთან ლარში ხდება და ადგილობრივ დონეზე მიმდინარე ოპერაციაა, მაგრამ, მაღალი ალბათობით, ქართული ბანკები compliance-ის შიშით თავად შეწყვეტენ მომსახურებას, მათ შორის, არასავალუტო ოპერაციებზე.
შესაბამისად, თელასი გადახდების მიღებასაც ვეღარ შეძლებს და სახელმწიფოს მოუწევს ჩარევა სპეციალური მმართველის დანიშვნის ან იძულებითი გაყიდვის გზით (ეს ერთხელ უკვე მოხდა ბორჯომთან დაკავშირებით).
ჩვენ, ქართველებს, ამ ყველაფრიდან ხეირიც გვაქვს, თან ძალიან ძვირფასი (პირდაპირი მნიშვნელობით) თუმცა, ქოცებისთვის ქართველების ხეირი ახალი თავის ტკივილია, რადგან ის რუსეთის ინეტერესებს ეწინააღმდეგება. საქმე იმაშია, რომ საქართველომ 2025 დეკემბერში დაიწყო ინტერ რაოსთვის 139 მლნ დოლარის საარბიტრაჟო კომპენსაციის გადახდა, გრაფიკი 2028 წლამდეა გაწერილი. სანქციები სანქცირებული კომპანიისთვის თანხის გადარიცხვას, როგორც მიხვდებოდით, კრძალავს.
საინტერესოა, რას აპირებს ქოცხელისუფლება? დაარღვევს სანქციებს, თუ თელმიკოს და თელასს შეუწყვეტს გადახდას, რასაც ისინი, მაღალი ალბათობით, დენის გამორთვით უპასუხებენ“– წერს გვარამია ფეისბუქზე.















