რუსეთის უზენაესმა სასამართლომ სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის „იაბლოკოს“ ფედერალური სიის რეგისტრაციის გაუქმება გადაწყვიტა. პარტიის არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით, სასამართლოს კრემლის მომხრე პარტია „როდინამ“ მიმართა. პარტია “იაბლოკოს“ საზღვარგარეთ მყოფმა რუსულმა ოპოზიციამ დაუჭირა მხარი.
სასამართლომ „როდინას“ სარჩელი დააკმაყოფილა და სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატთა არჩევნებზე პარტია „იაბლოკოს“ კანდიდატების ფედერალური სიის რეგისტრაცია გააუქმა. გადაწყვეტილება გასაჩივრდება, — იუწყება „იაბლოკოს“ პრესსამსახური. პარტიას გასაჩივრებისთვის ხუთი დღე აქვს.
რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა უზენაესი სასამართლოს სხდომაზე რეგისტრაციის გაუქმებას მხარი დაუჭირა.
„არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი“, განაცხადა პროკურორმა. მისი თქმით, პარტიამ ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნები დაარღვია.
„როდინას“ სარჩელს მხარი დაუჭირეს ასევე რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და „როსფინმონიტორინგმა“. ცესკოს წარმომადგენლის განცხადებით, ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობის მოთხოვნების დარღვევის შესახებ არგუმენტები საფუძვლიანია.
„როსფინმონიტორინგი“ ამტკიცებს, რომ „იაბლოკოს“ ფედერალურ სიაში მყოფ პირებსა და პარტიის კონტრაგენტებს შორის არიან ადამიანები, რომელთა ანგარიშებზეც უცხოური წყაროებიდან თანხები ირიცხებოდა.
„იაბლოკოს“ იურისტმა გაჯი ალიევმა განაცხადა, რომ პარტიას უცხოური წყაროებიდან ფული არ მიუღია. მისი განმარტებით, პარტიას დაახლოებით 17 ათასი რუბლი შესწირეს მოქალაქეებმა, რომლებსაც მანამდე პირადი თანხები უცხოეთიდან ჰქონდათ მიღებული.
მოსარჩელე მხარის ვერსიით, „იაბლოკომ“ — საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე 11 პარტიიდან ერთადერთმა, რომელიც უკრაინაში ომის წინააღმდეგ გამოდის — წინასაარჩევნო აგიტაციის დროს დაარღვია საავტორო უფლებების, ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლისა და საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნები.
პარტიის თავმჯდომარემ ნიკოლაი რიბაკოვმა სასამართლოში გამოსვლისას განაცხადა, რომ პარტია „როდინა“ ცდილობს „იაბლოკოს“ ბრალად წაუყენოს თავად ის ფაქტი, რომ მისი პროგრამა ოპონენტების პროგრამებისგან განსხვავდება, პარტია მათ პოლიტიკურ კურსს აკრიტიკებს და მშვიდობიანი ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს.

„მოსარჩელე აბსურდულ მტკიცებამდეც კი მივიდა, თითქოს ლოზუნგი — „მშვიდობისა და ცვლილებებისთვის“ — იმ ადამიანების ღირსებას ამცირებს, რომლებიც სხვა პარტიებს აძლევენ ხმას, – განაცხადა რიბაკოვმა. – მოსარჩელე გვთავაზობს, „იაბლოკო“ არჩევნებიდან მოიხსნას, მაგრამ ასეთ შემთხვევაში რუსეთში იდეოლოგიური და პოლიტიკური მრავალფეროვნება შეუძლებელი გახდება. ფაქტობრივად, მოსარჩელე უზენაესი სასამართლოსგან რუსეთის კონსტიტუციის უარყოფას მოითხოვს“.
მისი თქმით, „იაბლოკოს“ სია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ყველა დოკუმენტის შემოწმების შემდეგ დაარეგისტრირა, ხოლო პარტიის ანგარიშგებას რეგულარულად ამოწმებს იუსტიციის სამინისტრო. პოლიტიკოსის შეფასებით, მტკიცებულებების ნაცვლად პარტია „როდინამ“ სასამართლოს „პირადი გამონაგონი და კონტექსტიდან ამოგლეჯილი ციტატები“ წარუდგინა.
„იაბლოკოს“ იურისტმა და პარტიის ფედერალური სიის კანდიდატმა ვიტალი ისაკოვმა, თავის მხრივ, უპასუხა საავტორო უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ ბრალდებებს. მისი განცხადებით, მოსარჩელეს სარჩელში არც ერთი სამართლებრივი ნორმა არ აქვს მითითებული, ხოლო მასალები, რომლებზეც ის მიუთითებს, წინასაარჩევნო აგიტაციას არ წარმოადგენს, რადგან ისინი საარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე — 2012, 2017, 2018 და 2023 წლებში იყო გამოქვეყნებული.
დასასრულს ისაკოვმა აღნიშნა, რომ თუ საავტორო უფლებები ისე განიმარტება, როგორც ამას „როდინა“ თავის სარჩელში აკეთებს, ციტირებისთვის ერთადერთ უსაფრთხო წყაროდ მხოლოდ კანონები და კანონქვემდებარე აქტები დარჩება.
დილიდან უზენაესი სასამართლოს შენობასთან იმ ადამიანების რიგი იდგა, რომლებიც „იაბლოკოს“ მხარდასაჭერად მივიდნენ. პარტიის პრესსამსახურის განცხადებით, სასამართლო სხდომაზე დაახლოებით 500 ადამიანი მივიდა, ძირითადად ახალგაზრდები. მათ მთელი დღე სასამართლოს შენობასთან გაატარეს, სხდომათა დარბაზში კი მხოლოდ მცირე ნაწილმა შეძლო მოხვედრა.
რას ედავებიან „იაბლოკოს“?
პარტია „როდინას“ სარჩელი სამ ნაწილად შეიძლება დაიყოს. პირველ ნაწილში მოსარჩელეები მიუთითებენ ინტელექტუალური საკუთრების უფლებების დარღვევაზე სააგიტაციო ბეჭდურ მასალებში, რომლებშიც „იაბლოკოს“ ვებგვერდის ბმულია მითითებული.
კერძოდ, პრეტენზიები ეხება სიმღერების — „Пусть всегда будет солнце“ („დაე, მუდამ იყოს მზე“) და „Лишь бы не было войны“ („ოღონდ ომი არ იყოს“) — გამოყენებას უფლებების მფლობელთა თანხმობის გარეშე, ასევე არჩევნებში მონაწილე საპარლამენტო პარტიების ემბლემების გამოყენებას.
„როდინას“ აზრით, დარღვევების ცალკე ჯგუფი ვიზუალურ კონტენტსა და ფოტოებს უკავშირდება. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევს საკუთარი ფოტოს გადამუშავებისთვის ნებართვა უნდა გაეცა, ხოლო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, ელა პამფილოვას ფოტო ავტორის მითითების გარეშე გამოქვეყნდა. სარჩელში ასევე ნახსენებია ბლოგერ ვიქტორია ბონიას ფოტო და კადრი სერგეი ბონდარჩუკის 1967 წლის ფილმიდან „ომი და მშვიდობა“.

პრეტენზიები თვით „იაბლოკოს“ სიმბოლოსაც შეეხო: „როდინა“ ამტკიცებს, რომ მტრედის გამოსახულება ონლაინ-ბიბლიოთეკა Flaticon-იდან გამოყენების პირობების დარღვევით არის აღებული და სარჩელში დეტალურად აანალიზებს სააგიტაციო მასალებში გამოყენებულ ამ ფრინველის სხვა გამოსახულებებსაც.
ბრალდებების მეორე ნაწილი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებას და „იაბლოკოსთან“ დაკავშირებულ „საინფორმაციო აქტივობის მნიშვნელოვან ზრდას“ ეხება, მათ შორის იმ პლატფორმებზე, რომლებიც რუსეთში „უცხოელ აგენტებად“ გამოცხადებულ პირებთან ან ორგანიზაციებთან არის დაკავშირებული.
სარჩელში ნათქვამია, რომ ეს პუბლიკაციები ანაზღაურებული იყო, თუმცა ამის კონკრეტული მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. ბლოგერებისა და სააგენტოების ასოციაციის „ანალიტიკურ ცნობაზე“ დაყრდნობით, მოსარჩელეები აცხადებენ, რომ უცხოურ სოციალურ ქსელებში „იაბლოკოს“ მხარდამჭერი კონტენტის პოპულარიზაციაზე 88 მილიონ რუბლზე მეტი დაიხარჯა.
სარჩელის მესამე ნაწილი ეხება ბრალდებებს არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობის“ მხარდაჭერაში, რომელიც რუსეთში ექსტრემისტულად არის გამოცხადებული, ასევე „ექსტრემისტული საქმიანობის“ სხვა ნიშნების აღწერას, რომლებსაც „როდინა“ „იაბლოკოს“ პოზიციებში ხედავს.
კერძოდ, „როდინას“ წარმომადგენელმა სასამართლოში განაცხადა, რომ „იაბლოკოს“ მოწოდება — რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლი დაუყოვნებლივ შეწყდეს და სამშვიდობო შეთანხმება გაფორმდეს — რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ მოწოდებას წარმოადგენს.
ერთადერთი ანტისაომარი პარტია
რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ სექტემბერში დაგეგმილი სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებისთვის 11 პარტიის კანდიდატთა სიები დაარეგისტრირა. „იაბლოკოს“ ფედერალური სია 29 ივლისს დარეგისტრირდა — მასში 269 კანდიდატი შევიდა, თუმცა პარტიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები მათ შორის არ არიან.
„იაბლოკოს“ ათობით წევრს — მათ შორის პარტიის ლიდერ ნიკოლაი რიბაკოვს — არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცა „ექსტრემისტული სიმბოლიკის გავრცელებასთან“ დაკავშირებული საქმეების ან „უცხოელი აგენტის“ სტატუსის გამო. პარტიის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ლევ შლოსბერგი, რომელიც „უცხოელი აგენტების“ რეესტრშია შეყვანილი, გასული წლის დეკემბრიდან წინასწარი პატიმრობის იზოლატორში იმყოფება „სამხედრო ფეიკების“ საქმეზე. კიდევ ერთ მოადგილეს, მაქსიმ კრუგლოვს, გასულ თვეში იმავე ბრალდებით შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებზე, რომლებიც 18-დან 20 სექტემბრამდე გაიმართება, რუსეთის უძველესი ლიბერალური პარტია ანტისაომარი პროგრამით მიდიოდა. პროგრამა სულ 43 სიტყვისგან შედგება და მასში, მათ შორის, წერია: „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების, დიპლომატიისა და მშვიდობის მიღწევისთვის“.
„იაბლოკოსთვის“ ხმის მიცემისკენ ამომრჩევლებს საზღვარგარეთ მყოფი რუსული ოპოზიციის წარმომადგენლებიც მოუწოდებდნენ. კერძოდ, 6 აგვისტოს ასეთი მოწოდებით გამოვიდა ალექსეი ნავალნის ქვრივი იულია ნავალნაია.
თავად „იაბლოკო“ გაემიჯნა საზღვარგარეთიდან მის მხარდასაჭერ კამპანიას და განაცხადა, რომ ამან შესაძლოა პარტიის არჩევნებიდან მოხსნა გამოიწვიოს. პარტიის თავმჯდომარე ნიკოლაი რიბაკოვმა სპეციალურ განცხადებაში ხაზი გაუსვა, რომ „იაბლოკოს“ არ აქვს დაფინანსების უცხოური წყაროები და კავშირები ორგანიზაციებთან, რომლებიც რუსეთში „არასასურველად“ არიან გამოცხადებული.
თუმცა უკვე 7 აგვისტოს პარტია „როდინამ“ უზენაეს სასამართლოში შეიტანა სარჩელი „იაბლოკოს“ რეგისტრაციის გაუქმების მოთხოვნით. „როდინას“ ლიდერმა ალექსეი ჟურავლიოვმა ოპონენტებს „ეროვნული მოღალატეები“ უწოდა, რომლებიც, მისი თქმით, დასავლეთის სასარგებლოდ მუშაობენ.
„იაბლოკომ“ ჟურავლიოვის განცხადებებს ცილისმწამებლური უწოდა და საპასუხო სარჩელის შეტანა დააანონსა — პარტიის საქმიანი რეპუტაციის დაცვის მოთხოვნით.



