სირიის გარდამავალმა უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის ყოფილ დიქტატორს, ბაშარ ალ-ასადს და მის უმცროს ძმას, მაჰერ ასადს, დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. გადაწყვეტილება სასამართლომ დღეს, 11 აგვისტოს გამოაცხადა.
ექსპრეზიდენტი და მისი გარემოცვა დამნაშავედ ცნეს 14-წლიანი სისხლისმღვრელი კონფლიქტის განმავლობაში ჩადენილ ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინაშე ჩადენილ სისტემურ დანაშაულებში.
სასამართლოს განაჩენით, ასადის რეჟიმი პასუხისმგებელია მშვიდობიანი მოსახლეობის, მათ შორის არასრულწლოვნების წინასწარ განზრახულ მკვლელობებზე, მასობრივ წამებასა და მოქალაქეთა უკანონო დაკავებებზე.
ასადებისგან განსხვავებით, სასამართლო დარბაზში, სპეციალურ გალიაში ისმენდა განაჩენს მათი ბიძაშვილი, ატეფ ნაჯიბი. უსაფრთხოების სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც 2011 წელს ქალაქ დერააში საპროტესტო აქციების სასტიკი დარბევა მოაწყო და საფუძველი ჩაუყარა სირიის სამოქალაქო ომს, სასამართლომ ასევე უმაღლესი სასჯელი — სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
ვინაიდან ბაშარ ასადი და მისი ძმა 2024 წლის დეკემბერში რეჟიმის დამხობის შემდეგ რუსეთში გაიქცნენ, მათ განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს. ორივე მათგანი ამჟამად მოსკოვში იმყოფება, რის გამოც სირიის ახალი ხელისუფლებისთვის მათი დაკავება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
როდესაც 2024 წლის დეკემბერში ასადის რეჟიმი დაემხო და ის ოჯახთან ერთად მოსკოვში გაიქცა, კრემლმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ პუტინმა მას ჰუმანიტარული მოაზრებებით პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა.
სწორედ მოსკოვის ამ მდიდრულ უბნებში აფარებს თავს სირიის ექსპრეზიდენტი, რის გამოც დამასკოს სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი ამ ეტაპზე სიმბოლურ ხასიათს ატარებს — რუსეთი მის ექსტრადიციას არ გეგმავს.



