„ოცნებაში“ ამბობენ, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურაში დაბარებული პირების გამოკითხვის შემდეგ ნათელი გახდება, ისინი ჭორებს ავრცელენ თუ რაიმე ხელშესახები აქვთ ამ თემაზე. ამის შესახებ თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა, რომელიც დარწმუნებულია, რომ ეს ადამიანები „ჭორაობენ“.
„მიზანი არის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების დისკრედიტაცია. მათ ხომ ყველაფერი უნდა გააშავონ და თქვან, რომ ამ ქვეყანაში კარგი არაფერი ხდება, სულ შეთქმულებებია, ვინმეს მოკვლას ან უკანონო ქმედებებს და ჩაგვრას უპირებს. ამით ცოცხლობენ და საზრდოობენ – ჭორებით, ტყუილებით და ასეთი ნარატივებით. თორემ, რაც ხელშესახებია და სადაც დანაშაული გვაქვს, იქ ხელისუფლებისთვის მათი დახმარება არ გვჭირდება. მიუხედავად თანამდებობის პირებისა, მოქმედი იყო თუ არა, დაგვაზარალებს პოლიტიკურად თუ არა, განსაკუთრებულ ზომებს ვიღებთ. ძალიან კარგად ვიცოდით, როდესაც კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ვიწყებდით, რომ პოლიტიკურად ეს ლამაზად არ გამოიყურება ხელისუფლებისთვის, როდესაც შენი ყოფილი თუ მოქმედი ხელისუფლების წევრებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში აძლევ. ჩვენი განსხვავება ის არის, რომ უკან არასდროს დავიხევთ, როდესაც სამართლებრივი საფუძველი იარსებებს“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მას ასევე კითხეს, ხედავს თუ არა კოორდინირებულ მოქმედებას ღარიბაშვილსა და ოპოზიციას შორის, რაზეც უპასუხა, რომ „არის კოორდინირებული და მოწოდებული გარკვეული წრეებიდან, რომ ამ მიმართულებით იმოძრაონ“. „გარკვეულ წრეებში“ კი, როგორც განმარტა, „დიფ სთეითს“ მოიაზრებს – „მსგავს წრეებს „დიფ სთეითსაც“ ეძახიან“ – თქვა მან.
„ღარიბაშვილის მოქმედებაზე ერთ-ერთმა NGO-ს ხელმძღვანელმა, ლომჯარიამ მაშინ განაცხადა, ასეთ მოქმედებას და ამ სირცხვილს ურჩევნია ბომბების წვიმა ცვიოდეს თბილისზე და საქართველოზეო. ეს ადამიანი, რომელსაც ასეთი შეხედულება ჰქონდა ღარიბაშვილზე, ახლა მხარს უჭერს და იგივე ნარატივებს იმეორებს, რასაც ღარიბაშვილი საუბრობს. შემთხვევითია ეს? გულუბრყვილო არ ვარ და არ მგონია, რომ შემთხვევითია. მგონია, რომ არის კოორდინირებული და მოწოდებული გარკვეული წრეებიდან, რომ ამ მიმართულებით იმოძრაონ. ნებისმიერი ადამიანი, რომელზეც ზემოქმედების შესაძლებლობა აქვს ამ „დიფ სთეითს“ – შეიძლება შარშან არ ჰქონდა და წელს მიეცა, ხვალ შეიძლება ჩემზე მიეცეს – ის ამ მცდელობას გააკეთებს. რა გამოუვა აქედან და ვისზე გამოუვა, ეს მეორე საკითხია. ვიღაცებზე, სამწუხაროდ, გამოუვიდათ. (ღარიბაშვილზე) გამოუვიდათ! თქვენ ეს საბავშვო ბაღის ბავშვების გაერთიანება ხომ არ გგონიათ? ეს არის ძალა, რომელსაც აქვს უზარმაზარი ფინანსური და პოლიტიკური შესაძლებლობები. ისინი მართავენ ევრობიუროკრატიას, თავის ჭკუაზე აცეკვებენ მას და ბევრი ქვეყნის მთავრობას. მაშინ შეიძლება არ მართავდა (პრემიერობის დროს). შეიძლება მართავდა კიდეც, მაგრამ რისი მტკიცებულებაც არ მაქვს, იმას ვერ ვიტყვი. ახლა ვერავინ დამარწმუნებს, რომ ეს კოორდინირებული არ არის იქიდან, როცა გვარამია, ლომჯარია და ღარიბაშვილი ერთი და იგივე ნარატივს, მძიმესაც რომ არ გადაანაცვლებენ, ისე საუბრობენ. ეს თუ შემთხვევით ხდება, ვისაც სურს, მასე ეგონოს. მე არ ვარ გულუბრყვილო“, – განაცხადა შარმანაშვილმა.
ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებულ ბოლო წერილში ექს-პრმიერი წერს, რომ გასარკვევია, რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. ის ასევე ხაზს უსვამს, რომ „დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს“.
პროკურატურამ დღეს განაცხადა, რომ ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება და ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი. თუმცა მსჯავრდებულ ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხებიან ნიკა გვარამია; ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი; ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.

