უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად მიაღწიეს რუსეთის შორეულ ჩრდილოეთ რეგიონს — იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორმა დიმიტრი არტიუხოვმა განაცხადა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ქალაქ ახალ ურენგოიში დრონის ჩამოგდებული ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური ცნობით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ურალის ფედერალურ ოლქში რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა, არტემ ჟოგამ, დაადასტურა, რომ უკრაინული დრონი იამალის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე თავდასხმას ცდილობდა.
უკრაინული მედიასაშუალება UNN-ის ცნობით, იერიშში გამოყენებული იყო უკრაინული კომპანია Fire Point-ის მიერ წარმოებული შორეული მოქმედების დრონი FP-1.
ქალაქი ახალი ურენგოი უკრაინის საზღვრიდან პირდაპირი ხაზით დაახლოებით 2800 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, თუმცა დრონების მწარმოებელი კომპანიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის გვერდის ავლით, უპილოტო აპარატმა რეალურად 3200 კილომეტრის რეკორდული მანძილი დაფარა.
სამიზნედ ახალ ურენგოიში მდებარე გაზის კონდენსატის ტრანსპორტირებისთვის მომზადების ქარხანა (ЗПКТ) სახელდება. საწარმო, „გაზპრომის“ ინფრასტრუქტურის ნაწილია და ნავთობისა და გაზის კონდენსატის გადამუშავებასა და შემდგომი ტრანსპორტირებისთვის მომზადებას ახდენს.
მონიტორინგის ჯგუფების ინფორმაციით, იერიშის შემდეგ ობიექტზე წნევის ვარდნა და ძლიერი ხანძარი დაფიქსირდა. აღნიშნული ინფორმაცია რუსეთის ოფიციალურ უწყებებს დეტალურად არ დაუდასტურებიათ.
ეს უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე შორეული იერიშია. იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქზე რუსეთის ბუნებრივი აირის მოპოვების დაახლოებით 80% მოდის.

