უკრაინულმა უპილოტო საფრენმა აპარატებმა პირველად შეუტიეს იამალ-ნენთა ავტონომიურ ოლქს, განაცხადა ოთხშაბათს, 9 სექტემბერს, რეგიონის გუბერნატორმა დმიტრი არტიუხოვმა. სწორედ ამ რეგიონზე მოდის რუსეთში ბუნებრივი აირის მოპოვების დიდი ნაწილი. თავდასხმის შედეგად ნოვი ურენგოიში ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. ოფიციალური მონაცემებით, დაღუპულები და დაშავებულები არ არიან.
არტიუხოვის თქმით, შეტევა მოიგერიეს, თუმცა დრონის ნამსხვრევების საწარმოს ტერიტორიაზე ჩამოვარდნის შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ზიანის მასშტაბი და ხასიათი ამ დროისთვის დგინდება.
რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ურალის ფედერალურ ოლქში, არტიომ ჟოგამ განაცხადა, რომ თავდასხმის სამიზნე იამალის საწვავ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტი იყო. მისი თქმით, საწარმოს პერსონალის ევაკუაცია წინასწარ განხორციელდა.
შესაძლოა, ეს უკრაინის ყველაზე შორეული დარტყმა იყოს
რუსეთის ხელისუფლებას არ დაუკონკრეტებია, რომელ საწარმოს დაესხნენ თავს. თუმცა რამდენიმე მედიასაშუალებამ და ანალიტიკურმა პროექტმა, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებულ დარტყმებს აკვირდებიან, გაავრცელეს ინფორმაცია, რომ სამიზნე შესაძლოა ნოვი ურენგოიში მდებარე გაზის კონდენსატის ტრანსპორტირებისთვის მომზადების ქარხანა ყოფილიყო, რომელიც „გაზპრომის“ გაზის ინფრასტრუქტურის ნაწილია. საწარმო რეგიონში გაზის კონდენსატის გადამუშავების ერთ-ერთ საკვანძო ობიექტად მიიჩნევა.
ნოვი ურენგოი რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან პირდაპირი ხაზით დაახლოებით 2 800 კილომეტრში მდებარეობს. თუ დადასტურდება, რომ დრონები უკრაინის ტერიტორიიდან გაუშვეს, ეს შესაძლოა სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული ყველაზე შორეული ცნობილი დარტყმა იყოს.
იამალ-ნენთა ავტონომიური ოკრუგი რუსეთისთვის საკვანძო გაზმომპოვებელი რეგიონია. მასზე მოდის რუსეთში ბუნებრივი აირის მოპოვების დაახლოებით 80%.
ნოვი ურენგოის ქარხანა ურენგოის, იამბურგისა და რეგიონის სხვა საბადოებიდან მიღებულ გაზის კონდენსატს ამუშავებს. მისი საპროექტო სიმძლავრე წელიწადში დაახლოებით 19,5 მილიონი ტონა ნედლეულია.

