“რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, აღარ მოხდება, ეს იყო საბოტაჟი”- “ქართული ოცნების” პრემიერი ირაკლი კობახიძე “პირდაპირ საბოტაჟს” უწოდებს რამდენიმე წლის წინ ნამახვანჰესთან დაკავშირებულ პროტესტს.
“იცით, რომ ჩვენ გვაქვს ამბიციური გეგმები. დღეს ვსაუბრობდი სწორედ ამბიციურ გეგმებზე, მათ შორის უნდა აშენდეს სამი დიდი ჰესი ჩვენი გეგმის თანახმად. უნდა აშენდეს საშუალო და მცირე ჰესები, ქარის სადგურები, მზის სადგურები. ამას სჭირდება სათანადო ძალისხმევა.
დღეს უკვე აგენტურა არის ბევრად უფრო დასუსტებული და ხელისუფლება და სახელმწიფო – ბევრად უფრო ძლიერი. აქედან გამომდინარე, ის პროცესები, რაც განვითარდა რამდენიმე წლის წინ, უცხოური აგენტურის ინიციატივით, ვეღარ განვითარდება დღეს. ამაზე ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას.
სამწუხაროა ის, რაც მოხდა, თუმცა ეს არის მოცემულობა. სახელმწიფო იმოქმედებს სრული პასუხისმგებლობით, დანარჩენი დეტალები გაირკვევა. კიდევ ერთხელ, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება მომავალში. ამაზე ვიღებთ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე. ჩართული იყო, მათ შორის კონკრეტული წყაროებიდან დაფინანსებული არაერთი NGO ამ პროტესტში. ვინ აფინანსებდა ძალიან კარგად იცით ამ NGO-ებს, აღარ მინდა, დეტალებში შევიდე. ვისაც ვეძახით ჩვენ Deep State-ს, გლობალურ ომის პარტიას, ზუსტად ეს წყაროები იდგა კონკრეტული NGO-ების და სხვა ძალების უკან.
შეიძლება ყოფილიყო ასეთი [რუსული] წყაროებიც, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ვიცი, მაგალითად კონკრეტული NGO-ები საიდან ფინანსებოდა. შეიძლება იმპორტიორ კომპანიებს ჰქონოდათ კონკრეტული ინტერესი, ლოგიკური ინტერესი, რომ დაეფინანსებინათ ასეთი საბოტაჟის კამპანია. ეს არის ცალკე საკითხი და ამაში თქვენც შეგიძლიათ გაერკვეთ.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ რამდენიმე წლის წინ უცხოური აგენტურა იყო ბევრად უფრო ძლიერი და რამდენიმე წლის წინ სახელმწიფო იყო შესაბამისად ბევრად უფრო სუსტი. დღეს უცხოური აგენტურა არის ბევრად უფრო სუსტი და სახელმწიფო არის ბევრად უფრო ძლიერი. შესაბამისად, რაც მოხდა რამდენიმე წლის წინ, ის აღარ მოხდება დღეს და ხვალ.
რაც შეეხება გადახდას, სახელმწიფო იმოქმედებს პასუხისმგებლობით, თუმცა ჩვენ შევეცდებით, მაქსიმალურად გამოვნახოთ გზები იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ალტერნატივის მოძიებაზე, მათ შორის შესაბამის ინვესტორთან კონსულტაციების საფუძველზე. კონსულტაციების საფუძველზე შეიძლება ალტერნატივაზე ვიფიქროთ, ეს არის ის, რაზეც ვსაუბრობთ” – ამბობს კობახიძე.


