The Irish Times-ის ინფორმაციით, ირლანდიიდან 43 საქართველოს მოქალაქე გამოაძევეს, მათ შორის იყო სამი არასრულწლოვანი. გაძევებულთა შორის 33 მამაკაცი და 7 ქალი იყო.
ასევე, გაძევებულ მამაკაცთაგან ოთხი, ირლანდიაში ჩადენილი დანაშაულებისთვისაა მსჯავრდებული.
ოპერაციის დასრულება ირლანდიის იუსტიციის, შინაგან საქმეთა და მიგრაციის მინისტრმა ჯიმ ო’კალაჰანმა დაადასტურა. დეპორტაციის ოპერაცია ირლანდიის პოლიციის ეროვნული საიმიგრაციო ბიუროს მიერ განხორციელდა.
ჩარტერული რეისი დუბლინის აეროპორტიდან კვირას 13:50 საათზე გამოფრინდა და თბილისის აეროპორტში, ირლანდიის დროით 18:40 საათზე დაეშვა.
გაძევებულებს რეისზე თან ახლდნენ პოლიციის თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, თარჯიმანი და ადამიანის უფლებების დამოუკიდებელი დამკვირვებელი.
დეპორტაციისა და დაბრუნების რეისი ირლანდიურმა კომპანია Air Partner Ltd-მ უზრუნველყო. მომსახურების ღირებულებამ, ირლანდიური მედიის ცნობით, დღგ-ის გარეშე 225 575 ევრო შეადგინა.
ირლანდიის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ 2026 წლის განმავლობაში კიდევ ჩატარდება დეპორტაციის ოპერაციები.
2026 წელს ამ დროისთვის ჩარტერული რეისებით ირლანდიიდან 221 ადამიანია გაძევებული.
მინისტრ ო’კალაჰანის განცხადებით, დეპორტაციები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საიმიგრაციო სისტემა არ შეირყეს და ადამიანებმა ლეგალური მიგრაციისთვის ქვეყანაში არსებული გზები გამოიყენონ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ირლანდიაში მცხოვრები ქართველი მოქალაქეების „აბსოლუტური უმრავლესობა“ ლეგალურად ცხოვრობს ქვეყანაში და დადებითი წვლილი შეაქვს ირლანდიურ საზოგადოებაში.
მისივე თქმით, მთავრობას აქვს ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში ლეგალური სტატუსი არ აქვთ ან რომელთა საერთაშორისო დაცვის განაცხადი უკან იქნა გაწვეული ან უარყოფილი.


