შაბათს, 26 სექტემბერს, პარიზში, კონკორდის მოედანზე, რომის პაპ ლეო XIV-ის მესას დაახლოებით 700 ათასი ადამიანი დაესწრო — 100 ათასით მეტი, ვიდრე ღონისძიებამდე მონაწილეობისთვის შეტანილი განაცხადების რაოდენობა იყო. ამის შესახებ წმინდა საყდრის ოფიციალურმა საინფორმაციო პორტალმა Vatican News-მა განაცხადა.
მესის დაწყებამდე ლეო XIV-მ პაპამობილით ელისეს მინდვრები გაიარა და შეკრებილ ხალხს მიესალმა, შემდეგ კი კონკორდის მოედანზე მივიდა, სადაც მესისთვის სპეციალურად სცენა და ჯვარი იყო მოწყობილი. პონტიფიკოსის მარშრუტის გასწვრივ ათობით ეკრანიც დაამონტაჟეს მათთვის, ვინც მის ცოცხლად დანახვას ვერ შეძლებდა.
მესას არ დასწრებია საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი. სახელმწიფოს მეთაურის ნაცვლად ღონისძიებაზე მისი მეუღლე ბრიჟიტ მაკრონი და პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ იმყოფებოდნენ.
ლეო XIV-მ შეკრებილებს ფრანგულად მიმართა
შეკრებილების წინაშე გამოსვლისას ლეო XIV-მ მათ ფრანგულ ენაზე, მათ შორის, გამბედაობისა და რწმენისთვის მადლობა გადაუხადა. მან კათოლიკეებს ასევე მოუწოდა, საკუთარ რწმენაში არ ჩაიკეტონ:
„დაე, ის ისე გადმოიღვაროს თქვენგან, რომ მათ, ვისაც შეხვდებით, ძალა აღუდგინოს და წყურვილი მოუკლას.“
რომის პაპმა ახალგაზრდებსაც მიმართა, რომლებიც ცხოვრების აზრს ეძებენ, და „შინაგანი სიცარიელის“ შესახებ გააფრთხილა. მისი თქმით, „უნდა ვაღიაროთ, რომ ამქვეყნად ვერაფერი დაგვაკმაყოფილებს სრულად“.
„როდესაც ბოლოს და ბოლოს გვგონია, რომ ჩვენი ძიება დასრულდა და ძალისხმევა დაჯილდოვდა, შინაგანი სიცარიელე კიდევ უფრო ძლიერად იჩენს თავს. ამ სიცარიელის შესავსებად შეიძლება ახალი სიამოვნებების ძებნა დავიწყოთ, ახალი ნივთების შეძენისკენ ვისწრაფოდეთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ „გავერთოთ“ და ეს შინაგანი დისკომფორტი არ ვიგრძნოთ. […] ჩვენ ყველას გვწყურია ბედნიერება, სიყვარული, საკუთარი თავის რეალიზება. მაგრამ რომელი წყაროდან ვცდილობთ ამ წყურვილის მოკვლას?“ — განაცხადა ლეო XIV-მ.
ლეო XIV-ის ვიზიტი საფრანგეთში ოთხ დღეს გაგრძელდება
ლეო XIV-ის საფრანგეთში ვიზიტი, რომელიც 25 სექტემბერს დაიწყო, რომის პაპის პირველი ოფიციალური ვიზიტია ამ ქვეყანაში 2008 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც კათოლიკურ ეკლესიას ბენედიქტ XVI ხელმძღვანელობდა.
ლეო XIV საფრანგეთში ოთხ დღეს გაატარებს. 26 სექტემბრის მესამდე ერთი დღით ადრე მან პარიზის ღვთისმშობლის ტაძარში საღამოს ღვთისმსახურება ჩაატარა, ასევე ახალგაზრდებთან ერთად დიდი ლოცვითი შეკრება გამართა „სტად დე ფრანსზე“.
რომის პაპი ასევე აპირებს ეწვიოს ლურდის ღვთისმშობლის სალოცავს და მეცში ევროკავშირის ლიდერებს მიმართოს. გარდა ამისა, დაგეგმილია შეხვედრები სასულიერო პირების მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლებთან.



ლეო XIV-ის ვიზიტი საფრანგეთში ოთხ დღეს გაგრძელდება