საიამ გაეროს სპეციალურ მომხსენებელს ციხის პოპულაციის ზრდასთან დაკავშირებით ანგარიში წარუდგინა. ორგანიზაციის ინფორმაციით, წამების შესახებ გაეროს სპეციალური მომხსენებელი ციხეებში გადატვირთულობის შემცირებისა და პრევენციის შესახებ ტექნიკურ სახელმძღვანელოს ამზადებს, რომლის შემუშავების პროცესშიც ინფორმაციას იღებს, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებიდან.
საია-ის ინფორმაციით:
საქართველო ამჟამად ევროპის მასშტაბით ერთ სულ მოსახლეზე პატიმართა რაოდენობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა. ევროპის საბჭოს მიერ 2026 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში პატიმართა რაოდენობა, 2025 წლის იანვრის მონაცემებით, ყოველ 100,000 მოსახლეზე დაახლოებით 232 პატიმარს შეადგენს. ევროპის საბჭოში საქართველოს მაჩვენებელს მხოლოდ თურქეთის, აზერბაიჯანისა და მოლდოვის მაჩვენებლები აღემატება.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის ბოლოს საქართველოში პატიმართა/თავისუფლებააღკვეთილ პირთა საერთო რაოდენობა 11 153-ს შეადგენდა. წლების განმავლობაში ეს მაჩვენებელი გარკვეულ მერყეობას განიცდიდა. 2012 წლისთვის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა, რაც დაკავშირებული იყო მასობრივ ამინისტიასთან. 2024 წლიდან, კი შესამჩნევია პატიმართა საერთო რაოდენობს ზრდა.
მიუხედავად იმისა, რომ ციხის პოპულაციის საერთო რაოდენობა სასჯელაღსრულების დაწესებულებების საერთო ტევადობას არ აღემატება, ცალკეულ დაწესებულებებში ლოკალური გადატვირთულობა შეინიშნება, რასაც 2025 წლის CPT-ს ანგარიშიც ადასტურებს. საქსტატის მონაცემებით, 14 დაწესებულებიდან 4-ში პატიმართა რაოდენობა დადგენილ ლიმიტს აღემატება.
ბოლო წლებში შესამჩნევია როგორც მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების, ასევე, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის მაჩვენებლის კლება.
პატიმრობა საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ აღკვეთის ღონისძიებას წარმოადგენს. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ყველა აღკვეთის ღონისძიებას შორის პატიმრობის წილი მცირედით შემცირდა, სტატისტიკური მონაცემები ბოლო წლებში მისი გამოყენების შესამჩნევ ზრდაზე მიუთითებს.


