ირანის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ რეაგირებას საგარეო საქმეთა სამინისტროსგან ელოდება. საგარეო უწებას, ჯერჯერობით, განცხადება არ გაუვრცელებია.
საქმე ეხება ორი დღის წინ სოციალურ ქსელში ირანის ელჩის მიერ გამოქვეყნებულ სტატუსს, რომელშიც სეიდ ალი მოჯანი წერს, რომ რომ თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოს ფასადი ქეთევან დედოფლის გამოსახულებით განათდა. მან ამ თემაზე საკუთარი ისტორიული კვლევაც დააანონსა.
„ჩემთვის ეს გამოსახულება მხოლოდ ისტორიული პიროვნების ხსოვნას არ უკავშირდება; ის იმ ისტორიული მეხსიერების სიმბოლოა, რომლის შესახებ დღემდე არაერთი განსხვავებული ისტორია არსებობს… შესაძლოა, მსგავსი ისტორიების ხელახალი გააზრება წარსულში დაბრუნებაზე მეტად, დღეს ერთმანეთის უკეთ და ღრმად გაცნობის საშუალება იყოს”, – წერს ელჩი.
ირანის ელჩის განცხადება „ქართულ ოცნებაში“ არ მოეწონათ.
„არავინ არაფერზე დუმს. სადაც ჭეშმარიტი ისტორიაა, ჩვენ იქ ვდგავართ. ჩვენ ყველას, ვისაც ნასწავლი გვაქვს და ვიცით საქართველოს ისტორია, ბუნებრივია, ვიცით რეალობაც. და თუ ვიცით ეს რეალობა, ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია და ცალსახაა, რომ ამაზე რეაგირებას ახდენს საგარეო საქმეთა სამინისტრო. ეს არის მისი ცალსახა კომპეტენცია, უფლება და მოვალეობაც. ამიტომ ჩვენ თვალყურს ვადევნებთ და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე რეაგირება იქნება.
ჩვენ ჩვენს წმინდანებს პატივს ვცემთ და მათ ვეთაყვანებით. ეს ცალსახა და მნიშვნელოვანია. რაც შეეხება იმას, თუ ვინ ვის ქვას ესვრის, კრიტიკას და ა.შ. – ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ნუ დაგვავიწყდება, რომ ყველა იმ ელჩსა თუ წარმომადგენელთან მიმართებით, როდესაც თუნდაც თავიდან იწყებოდა არასწორი ნაბიჯების გადადგმა, ჩვენი ვექტორი ყოველთვის იყო გადაწეული იმ მხარეს, რომ „იქნებ შეცდომაში არიან შეყვანილები“ და ა.შ. ამიტომ ჩვენ არ ვართ ის ხალხი, იმ ძალის წარმომადგენლები ან ის სახელმწიფო, რომელიც ოდესმე აგრესიას ან ქვის სროლას იწყებდა. ჩვენ ვმოქმედებთ საქმიანად. თუმცა, ნურავის დაავიწყდება, რომ ამ ყველაფერთან ერთად ვართ პრინციპულებიც. ეს პრინციპულობა სწორედ ის არის, რომ ველოდებით და, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი იხილავს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაგირებას”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ წევრმა ალუდა ღუდუშაურმა.
„ოცნების“ კიდევ ერთი წევრი ირაკლი ქადაგიშვილი კი ამბობს, რომ ელჩმა კეთილი უნდა ინებოს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება.
“ჩვენ შერჩევით არავის ვუდგებით. ყველას ვუდგებით ობიექტურად და ყველასთან დაკავშირებით მათი ქმედების შესაბამისი, ადეკვატური პასუხი ექნება. ამ შემთხვევაშიც, ირანის ელჩთან დაკავშირებით გეტყვით ჩემს პოზიციას: კეთილი უნდა ინებოს ელჩმა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინოს თავისი ფუნქციის აღსრულება. ის წიაღსვლები, რომელიც მას გააჩნია, ამ შემთხვევაში, აბსოლუტურად არარელევანტურია და არ შედის არც ქვეყნებს შორის ურთიერთობის კონტექსტში და მით უმეტეს არც ელჩის და საელჩოს საქმიანობაში”, – განაცხადა ქადაგიშვილმა.


